ლუკა მაისურაძე: ძიუდო ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა – დარბაზში შესვლა მიხარია და იქიდანაც სასიამოვნოდ დაღლილი გამოვდივარ

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„ძიუდოზე ბავშვობიდან შეყვარებული ვარ. ჩემი სურვილით დავდიოდი, არავის დაუძალებია ვარჯიში. თავიდან კი ცოტა  ადრე ადგომა მეზარებოდა ხოლმე და მამაჩემის დამსახურება იყო, რომ ვდგებოდი, მაგრამ როგორც კი დარბაზში შევიდოდი, უკვე მიხაროდა. ახლაც ზუსტად ამ განცდით ვარ. ძიუდო ჩემთვის მართლა სპორტზე მეტია, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მისგან და ვიცი, რომ დარბაზიდანაც სასიამოვნოდ დაღლილი უნდა წამოვიდე. ყველა ვარჯიშზე რაღაცას ვსწავლობ, ყველა მოგებით უფრო ვვითარდები;  თითოეული წაგება კი მაძლიერებს და შემდეგ შეჯიბრზე მეტად  მოტივირებული და მომზადებული გამოვდივარ“

ლუკა მაისურაძემ ძიუდოში ვარჯიში 8 წლის ასაკში, სახლთან ახლოს მდებარე დარბაზში, ხაშურში დაიწყო. მისი მამა და უფროსი ძმებიც ძიუდოისტები იყვნენ, ლუკას სპორტისკენ მიდრეკილებას კი ხელს გენეტიკასთან ერთად, ხასიათიც უწყობდა:

„ჩვენს დარბაზში ძიუდოში ვარჯიში ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი ტარდებოდა და სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი კი თავისუფალ ჭიდაობაში. იმდენად მოუსვენარი ვიყავი და სულ ვარჯიში მინდოდა, რომ  ორი წლის განმავლობაში იქაც დავდიოდი, იქაც. მერე ჭიდაობები ავურიე ერთმანეთში – ძიუდოში ფეხში ვჭიდაობდი ხოლმე და მწვრთნელმა მითხრა – ან ერთი აირჩიე ან მეორეო და ძიუდო ავირჩიე. ასევე ბავშვობაში ქართული ჭიდაობის ტურნირებსაც ხშირად ვჭიდაობდი სოფლებში, გამარჯვებით გამოწვეული ჩემი პირველი ემოციაც სწორედ ქართულ ჭიდოაბას უკავშირდება“

უკვე ცოტა მოზრდილს ხაშურის გარდა, სავარჯიშოდ წასვლა გორშიც უწევდა. საქართველოს  ძიუდოსტთა ნაკრებშიც მალევე – 14 წლის ასაკში მოხვდა, თუმცა ჭაბუკ და ახალგაზრდულ ასაკთა ტურნირებზე ასპარეზობაში ხელი ჯანმრთელობის პრობლემებმაც შეუშალა:

„ძიუდოში ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ბეგლარ ხარშილაძე,  ვინც ხაშურში მავარჯიშებდა  და დღემდე ისაა ჩემი პირადი მწვრთნელი. ცოტა რომ მოვიზარდე და სპარინგპარტნიორები აღარ მყავდა, გორში მივდიოდი ხოლმე სავარჯიშოდ, სადაც ნიკო ბიბილაშვილი მავარჯიშებდა. საქართველოს ნაკრებში მოვხდი, როდესაც 2015 წლის ჭაბუკთა ოლიმპიდისთვის შესარჩევი ჩატარდა. 73 კგ-ში ვიჭიდავე და ბრინჯაოს მედალი ავიღე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხერხემლის პრობლემა შემექმნა, თიაქარი მქონდა და ვერც ევროპა, ვერც მსოფლიო და ვერც ოლიმპიადა ჭაბუკებში ვეღარ ვიჭიდავე. ახალგაზრდულ ნაკრებში 2016 წელს ბრინჯაოს მედლით მოვხვდი, მაგრამ ჩემს პირველივე საერთაშორისო ტურნირზე – ათენის ევროპის თასზე, პირველივე შეხვედრაში ლავიწი მოვიტეხე და ეს წელიც გამიცდა. წლის ბოლოს, როდესაც უკვე ჭიდაობა შევძელი ძიუდოს ტურნირები აღარ იყო და ბედი სამბოში ვცადე, სადაც საქართველოც მოვიგე ახალგაზრდებში და მსოფლიოც“

დღესდღეობით კი, 21 წლის ასაკში,  ლუკა 81 კგ-ში საქართველოს ძიუდოისტთა ძირითადი ნაკრების პირველი ნომერია. უფროსებს შორის მას დებიუტი წელს ჰქონდა და წარმატებულიც გამოუვიდა – ყველა ტურნირი, რომელზეც იასპარეზა მედლით დაასრულა, თუმცა, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული ბრინჯაოს მედლები იყო. ლუკა მაისურაძე ე.წ.  „ოქროს თაობის“ გამორჩეულად თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის იმ იშვიათ ძიუდოსიტთა შორისაა, რომელთაც უშუალოდ ძიუდო იციან. ლუკამ იცის ამ სპორტის ნიუანსები, ტექნიკა, ფილოსოფია, აქვს სწორი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა იმ საქმისადმი, რასაც აკეთებს.  მასში სწორედ ის ტალანტი და პოტენციალია, რომელზეც არა მედლები ან რაიმე ტურნირების გამარჯვებები, არამედ დიდი წარმატება უნდა დაიგეგმოს. ასეთი ნიჭი კი სასიხარულოსთან ერთად „სახიფათოცაა“, რადგან განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და სწორ მუშაობას საჭიროებს.  „სპორტერი“ ლუკას სწორედ თავისი სპორტული ცხოვრების დეტალებზე ესაუბრა და სადებიუტო წლის შეჯამებასთან ერთად, სამომავლო გეგმების განდობაც სთხოვა:

„წელს ბოლოს რაც ვიჭიდავე აბუ-დაბის გრან სლემი იყო. მსოფლიოდან შენარჩუნებული მქონდა ფორმა და ოქროს მედლისთვის ვემზადებოდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მთელი ღამის უძილომ ვიჭიდავე, აბუ-დაბიში ჩასვლის შემდეგ გავცივდი და სიცხე მქონდა. მთელ დღეს ცუდად ვიყავი,  ფინალში გასვლაც როგორ მოვახერხე, არ ვიცი. წინასწარი შეხვედრებისას გახურებული რომ ვიყავი, შემეძლო კიდევ ასპარეზობა და  შესვენების დროს რომ  გავცივდი, მერე ვეღარ მოვახერხე ძალების მობილიზება და სამწუხაროდ, ვერცხლი ავიღე. შესვენება რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ფინალიც მომეგო“

-გრან-სლემის ვერცხლი მშვენიერი შედეგია, მით უმეტეს სიცხიანისთვის, თან ჭიდაობის ხარისხიც საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა განსაკუთრებული აღფრთოვანება დე-ვიტთან შესრულებულ ილეთს მოყვა…

– ვმუშაობდით მასზე. მსოფლიოსთვის ვამუშავებდი მაგ ილეთს, რადგან ყველა გარე ფეხს ელოდებოდა ჩემგან. თუმცა იქ არ დამჭირვებია.

-სხვათა შორის, მსოფლიოს მერე რამდენიმეგან წავიკითხე შენზე კრიტიკა, რომ მხოლოდ ერთ ილეთს აკეთებსო…

-ამ კრიტიკის არსს ვერ ვხდები. თუ კონკრეტული ილეთი გამარჯვებას მოგიტანს, რატომ არ უნდა გააკეთო? რა მნიშვნელობა აქვს? სხვა კიდევ ბევრი ილეთი ვიცი, მაგრამ ეს ყველაზე უკეთ გამომდის და ხშირად იმიტომ ვაკეთებ.

-რამდენიმეჯერ ძალიან სახიფათოდ გააკეთე

-ძიუდოში ყველა ილეთი სახიფათოა. ყველას აქვს თავისი კონტრიილეთი.  არ არსებობს ილეთი, რომელსაც კონტრი არა აქვს. ნებისმიერი ილეთის გაკეთების დროს გიწევს რისკზე წასვლა.

-თქვი, რომ კონკრეტულ ილეთს ამუშავებდი მსოფლიოსთვის, კონკრეტულად რომელიმე მეტოქისთვის თუ მუშაობ ხოლმე?

-არა. ასე არ ვარ. ბადეებსაც არ ვნახულობ შეჯიბრების წინ. საერთოდ არ ვიცი ხოლმე ვის ვხვდები. დილით ვიგებ  შეხვედრების წინ, რადგან წინასწარ ნახვამ შეიძლება დამძაბოს.  ისე კი მეტოქეების სტილს მწვრთნელებთან ერთად ვსწავლობთ ხოლმე. გვეუბნებიან მწვრთნელები რას როგორ აკეთებს ჩვენი მეტოქე და რა უნდა დავუპირისპიროთ.

– ბუნებრივია, წელს სადებიუტო მსოლიოზე აღებული მედლით კმაყოფილი იქნები, მაგრამ უშუალოდ ასპარეზობას როგორ შეაფასებ?

– რა თქმა უნდა, მსოფლიოზე მედალი ვის არ უხარია. საკმაოდ რთული შეჯიბრებაა, დაძაბულობა ძალიან დიდია, ბევრი ქვეყანაც ჩამოდის, თან წელს ტოკიოში ჩატარდა და ოლიმპიადის ერთგავრი რეპეტიცია იყო.  თავიდან კარგად  მიდიოდა, სანამ ეგვიპტელს შევხვდებოდი. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ვგეგმავდით. სიამრთლე გითხრათ, ვერ მოვიფიქრებდი, თუ ეგვიპტელ სპორტსმენთან დავმარცხდებოდი, სუსტი არაა, მაგრამ ვერ უნდა მოეგო, თუმცა ძიუდოა და ყველაფერი ხდება. უბრალოდ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და გული დამწყდა ასეთ მარცხზე. მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, სხვა არც ერთი ტურნირისთვის – არც  გრან-პირისთვის, ან გრან-სლემისთვის, არც ევროპისთვის – ყველა ეს თავად იყო მოსამზადებელი ეტაპი მსოლიოსთვის. საბოლოო ჯამში არ მქონდა  ცუდი შედეგი, 7 შეხვედრა ვიჭიდავე და აქედან 6-ში გავიმარჯვე. თან ძლიერ სპორტსმენებს მოვუგეთ და ვფიქრობ, დამსახურებული მედალი ავიღეთ.

– უფროსებს შორის პირველი ოფიციალური ტურნირი შენთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც ევროპული თამაშების ფარგლებში ჩატარდა, თან მსოფლიოსთვის შესარჩევ ეტაპადაც განიხილებოდა, შესაბამისად, საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო, როგორ ფორმაში შეხვედი მას და როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ნახერფინალში შენი მარცხი? გულშემატკივარს ეხსომება საკმაოდ ხაგრძლივი, დაძაბული შეხვედრა ბელგიელ მატიას კასესთან …

– ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. მედლით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტიც შეიძლებოდა. ნახევარფინალში მართლაც რთული შეხვედრა მქონდა, ზოგადად რთულია კასესთან ჭიდოაბა, რადგან ძალიან ცუდი სტილი აქვს – ჩამშლელი. ყველასთან დამატებითს ჭიდაობს. ზოგადად არ ვაბრალებ ხოლმე მსაჯებს წაგებას, მხოლოდ  ჩემს თავს ვაბრალებ ხოლმე, დამეგდო იქამდე და ვეღარ წამაგებინებდნენ, მაგრამ ერთი-ორი გაფრთხილება ნამდვილად ეკუთვნოდა, ხოლო როცა შიდოთი  ხარ წინ, უფრო სხვანაირად წარმართავ შეხვედრას, მაგრამ ისე მოხდა,  მთელი შეხვედრის განმავლობაში მე მქონდა ორი შიდო და უფრო რისკზე მომიწია ჭიდაობა. მიუხედავად იმისა, რომ კასესთან მანამდეც ორჯერ მქონდა წაგებული და მხოლოდ ერთხელ მოგებული, ფსიქოლოგიური მომენტი არ მქონია და არც ახლა მაქვს, ამის შემდეგ ყველა ჯერზე აუცილებლად მოვუგებ.

– შენს მთავარ კონკურენტებდად ვის თვლი?

– 81 კგ ძალიან ცვალებადია. ზოგადად საშუალო წონები კონკურენტულია, ძალიან ბევრი მონაწილეა, მაგრამ მთავარ კონკურენტებად მაინც იმ სამეულს მივიჩნევ, ვინც მსოფლიოზე კვარცხლბეკზე იდგა – საგი მუკი, მატიას კასე და საიდ მოლაი.

-რადგან მოიაი ვახსენეთ, მასთან შეხვედრაზე გკითხავ. იყო დიდი მითქმა-მოთქმა, რომ შეგნებულად დათმო შეხვედრა

– ვერ ვიტყვი, რომ მოგება არ უნდოდა, მაგრამ რასაც იქ ვუყურე, კაცი ტიროდა, ცუდად იყო. ისე ნამდვლად არ მეჭიდავა, რომ უეჭველი აგებდა, მაგრამ გატეხილი. იყო. ყოველ შემთხვევაში, რაც თქვა, რომ 10 % ვიჭიდავეო, ეგ ზედმეტი იყო. აწი შევხდებით და ვანახავთ რამდნი პროცენტი იჭიდავა.

– -შიდა კონკურენცაზე რას იტყვი?

– საქართველოშიც ძალიან კონკურენტული წონაა. თუნდაც მხოლოდ ჩვენი გუნდიდან ორი ძლიერი კონკურენტი მყავს – ტატო გრიგალაშვილისა და ვლადიმერ ახალკაცის სახით.

-საქართველოს ჩემპიონატზე იქნები?

-არა, არ ვიქნები. წონის პრობლემა მაქვს და ორ თვეში ერთხელ მაკლებინებენ. ხშირად რომ დავიკლო, ფორმას დავკარგავ, 87-88 კილო არის ხოლმე ჩემი წონა და ოლიმპიადის შემდეგ 90-ში გადავალ.

– ნაკრების მწვრთნელების მუშაობით თუ ხარ კმაყოფილი?

-ნაკრების მწვრთნელების ძალიან კმაყოფილი ვარ. ლაშა გუჯეჯიანი 2015 წელს გავიცანი და მარტო მწვრთნელი არაა ჩვენი, ვძმაკაცობთ კიდეც. დარბაზში არის მწვრთნელი და იმის იქით ვმეგობრობთ. ისეთი გარემოა არავინ არაა დაძაბული, ყველას სიამოვნებს თავისი საქმე და მემგონი, შედეგსაც ეტყობა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთ პროექტში მოვხდვით, როგორიც დავით ქევხიშვილის „გამოწვევა 2020“ არის. სულ რეჟიმში ვართ – ან შეკრებაზე, ან შეჯიბრზე. განტვირთვა როცა გვაქვს, მაგასაც ერთად ვიწყობთ ხოლმე.

– როგორ ფიქრობ, რა არის შ

ენი მთავარი პლუსი და რაზე გაქვს ყველაზე მეტი სამუშაო?

– ჩემი სტილი არის უფრო კონტაქტური, ახლოდან ჭიდაობა. რომ ვთქვა, რამით ვინმეზე უკეთესი ვარ – არა, მაგრამ ცოტა სისწრაფე, ცოტა ელასტიურობა, პლუს ძალისმიერება მეხმარება, ალბათ. ზოგადად გადავლება არის ყველასთვის უხერხული და ვინც ქართულ სტილს კარგად ფლობს და ქამრიდან ჭიდაობა შეუძლია, სხვებისთვის უხერხული მეტოქეა.

ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რაზე მაქვს სამუშაო, ვმუშაობ ორივე მხარეს ჭიდაობაზე. უფრო ვარ მარჯვენა და მხოლოდ ერთი-ორ ილეთს ვაკეთებ მარცხნივ. ამაზე ვმუშაობთ, რომ მარცხენა მხარე განვავითარო.

-ძიუდოს გარდა რით ხარ დაკავებული, სხვა რა გიყვარს და მოგწონს, რომ არა ძიუდოისტი, რა პროფესიის იქნებოდა ლუკა მაისურაძე?

-ძიუდოისტი რომ არ ვიყო, აუცილებლად ბიზნესმენი ვიქნებოდი. ახლაც უნივერსიტეტში ბიზესადმინისტრირებაზე ვსწავლობ. ბავშვობაშიც მქონდა ხოლმე პატარ-პატარა ბიზნესები, სოფელში მიყვარდა ყოფნა დახან რაღაცას ვზრდიდი, ხან ხორბალი მომყავდა, მოკლედ სოფლის მეურნებას მივდევდი, ვფუსფუსებდი ჩემთვის. ძიუდოს გარდა როგორც უკვე ვთქვი, უნივერსიტეტში ვსწავლობ. თავისუფალ დროს კი ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, სპორტსმენების ბიოგრაფიულ წიგნების კითხვა და  მუსიკის მოსმენა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge