დღეს შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება – რა ვიცით ამ დრომდე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ბიძინა სტურუას წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირთაგან პროკურატურა – 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას 5 პირს ედავება. მათგან სამ სრულწლოვანს – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშილს და ორ არასრულწლოვანს – ზ.ხ- სა და ა.ქ-ს.

რა მოხდა 18 ივნისს?

ყველაფერი 18 ივნისის საღამოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე დაიწყო. საქმის მასალების თანახმად, ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე, ერთმანეთს თბილისის ორი უბნის – საბურთალოსა და ნაძალადევის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი მოყვა დიჯეის კონსტანტინე ღიბრაძის მიმართ ნაძალადევის წარმომადგენლების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. ფიზიკური დაპირისპირების დროს, ნაძალადევის წარმომადგენლები დაშავდნენ, მათ შორის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი. ჩხუბის შემდეგ, იუბილარმა ანა გაბეჩავ გადაწყვიტა, წვეულება თბილისში გაეგრძელებინათ. სტუმრების ნაწილი აგარაკიდან მანქანებით წამოვიდნენ, ხოლო ნაწილმა გადაწყვიტა ტრასაზე ფეხით გამოსვლა და ტაქსის გაჩერება, ან ავტოსტოპით სარგებლობა. ფეხით წამოსულებს შორის იყვნენ : გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე და გიორგი ქათამაძე. ხოლო მათ უკან, ასევე ფეხით მოჰყვებოდა,  ნაძალადევის წარმომადგენელი ორი არასრულწლოვანი. საქმის მასალების თანახმად, სწორედ ეს ორი პირი აწვდიდა ინფორმაციას ნაძალადევიდან წამოსულ მანქანებში მსხდომთ ტრასაზე მიმავალი ახალგაზრდების გადაადგილების შესახებ. იმ ღამეს, არაგვის ხიდზე ნაძალადევიდან საბურთალოელების დასასჯელად წამოსული ორი მანქანა – “მერსედესი” და “ტოიოტა კამრი” გაჩერდა. “მერსედესს” მართავდა ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც აგარაკზე იმყოფებოდა და ჩხუბის შემდეგ წავიდა ნაძალადევში და იქიდან უკან მცხეთაში 5 მგზავრით დაბრუნდა, ხოლო ვახტანგ ჩიქოვანის კუთვნილ “ტოიოტა კამრის” მართავდა ვასილ მახარაძე, რომელშიც ასევე ნაძალადევიდან საბურთალოელებთან ანგარიშის გასასწორებლად წამოსული პირები ისხდნენ. გამოძიების ვერსიით, სწორედ ვახტანგ ჩიქოვანმა მოახდინა ნაძალადეველების მობილიზება და ანგარიშწორების მიზნით, მათი უკან მცხეთაში წაყვანა. ამ პირებს შორის იყვნენ მორაგბეები.

არაგვის ხიდზე პირველი “მერსედესი” მივიდა. მოწმეების ჩვენებების მიხედვით, მანქანიდან გადმოსულები ტრასაზე მიმავალ ახალგაზრდების საცემად გამოუდგნენ. მათ დაზიანებები მიაყენეს კონსტანტინე ღიბრაძესა და გიორგი ქათამაძეს. ღიბრაძემ გაქცევა შეძლო, ხოლო ქათამაძეს რკინის ხელკეტითა და წიხლებით სასტიკად გაუსწორდნენ.

“მერსედესის” წასვლიდან რამდენიმე წუთში, არაგვის ხიდზე უკვე “ტოიტა კამრი” ჩერდება და ჩვენებების მიხედვით, იქიდან გადმოსული პირები ასევე საცემად მისდევენ ახალგაზრდებს. მათმა ნაწილმა დამალვა და გაქცევა შეძლო, ხოლო პროკურატურის ვერსიის თანახმად, ე.წ. მეორად გზაზე გაქცეული გიორგი შაქარაშვილი “კამრის” 5-მა მგზავრმა ალყაში მოაქცია, რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა მდინარისკენ დაშვებულ ვიწრო ბილიკზე ჩაერბინა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგის არაგვის ნაპირებთან 5-ვე პირი ჩაყვა, სასტიკად სცემეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება სწორედ ასფიქსიამ, ანუ წყალში დახრჩობამ გამოიწვია. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს.

მეორე დღესვე გამოძიებამ 17 პირი დააკავა ძალადობის, ძალადობის ორგანიზების,  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, ხოლო მათგან 5-ს, სწორედ “ტოიოტა კამრის” მგზავრებს”, მოგვიანებით ბრალი დაუმძიმა და ამჟამად 109-ე მუხლს, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. არც ერთი მათგანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, უფრო მეტიც თავადაც დ მათი ოჯახის წევრებიც, უკვე თვეებია ცდილობენ დაარწმუმონ საზოგადეობა, რომ უდანაშაულოები არიან და პროკურატურა მათ მიმართ “საქმეს კერავს”. სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა ციხიდან წერილიც გამოგზავნა, რომელშიც სწორედ აღნიშნულს ამტკიცებენ. ვახტანგ ჩიქოვანი კი აღნიშნულ წერილში, გიორგი შაქარაშვილის მშობლებს კითხვით მიმართავს – ” ნამდვილად სურთ მათი შვილის საქმეზე უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ?”

პროკურატურის ვერსიას აბსურდულს და მტკიცებულებებს არამყარს უწოდებენ ბრალდებულების ადვოკატებიც. განზრახ მკვლელობაში ბრალის წაყენების დღიდან, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სასამართლოში ბრალის დამტკიცება ვერ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულების მსგავსად, ადვოკატებიც, როგორც სახელმწიფო ბრალდებას, ასევე სასამართლოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. მათ საქმის არსებითი განხილვის დაწყების ნაწილიც გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარეს ასევე კითხვები ჰქონდა მტკიცებულებების დასაშვებობასთან და შუამდგომლობის მიღების თაობაზეც. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამივე სრულწლოვანმა ბრალდებულებმა უარი განაცხადა მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცემოდა.

ასევე არასანდო მოწმეებად მიიჩნევენ ადვოკატები ბრალდების მხარის ე.წ. “ოქროს მოწმეებს”, არაგვის ხიდზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ – გურამ ამირხანაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და იაკობ ბრეგვაძეს. დაცვის მხარის თქმით, აღნიშნული მოწმეები ჩვენებებს პროკურატურის ვერსიების შესაბამისად ცვლიან.

ამასთან, საქმის ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტის გურამ ამირხანაშვილს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება პროკურატურა “ტოიოტა კამრიში” მსხდომ 6–ვე პირს. ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ რაც, ბრალდებულები არაგვის ნაპირიდან ტრასაზე ამოვიდნენ, მათ იპოვეს იგი და “ტოიოტაში” იძულებით ჩასვეს. კერძოდ, არჩილ გაგნიძემ უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში. ასევე ბრალდების მხარის “ოქროს მოწმემ” ასევე თქვა, რომ გაიგონა “ტოიოტა კამრიში” ბრალდებულების მიერ ნათქვამი ფრაზები: “ისევე კარგად იცოდა თუ არა გიორგიმ ცურვა, როგორც სირბილი” და რომ “დამკაში გავიდნენ”.

პროკურატურის განმარტებით კი, მათ ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

“წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელია მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და უამრავი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ ამ 5-მა ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა” – განმარტა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

თავდაპირველად დაკავებული 17 პირის გარდა, მოგვიანებით ფეხბურთელის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს: ე.წ. ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიის გადაწვის ამბავზე ჯართის შემგროვებელი ლევან ყარყარაშვილი, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 19 წლის ვერონიკა არონია, რომელიც შემდგომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ. ხომასურიძის მამა, თამაზ ხომასურიძე ასევე ცრუ ჩვენებისა და შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატ მირიან ნიკოლაძისა და საქმის მთავარი მოწმის – გურამ ამირხანაშვილის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა წლის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპეტიზების პასუხებს, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელის ბურუსით მოცული გაუჩინარების ირგვლივ, კვლავ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.  პროკურატურამ საკუთარი ვერსია, თუ რა მოხდა 19 ივნისის ღამეს, 11 აგვისტოს გაასაჯაროვა და განცხადებას ვიდეორეკონსტრუქციაც დაურთო. ფეხბურთელის ოჯახი პროკურატურის ვერსიას სრულად ენდობა და მიიჩნევს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge