ილია სულამანიძე: ძიუდო ძალიან მაგარი ტიპია – აძლევ ერთს და უკან გიბრუნებს ათს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

–ჯერ არაფერი გამიკეთებია საიმისო რომ ინტერვიუ ჩეწერო
–რაც გააკეთე იმაზე ვისაუბროთ
–სერიოზული არაფერია, სასაუბროდ არ ღირს
–ვცადოთ და თუ არ გამოვა საინტერესო, არ გამოვაქვეყნებ
–ეჭვი არ მეპარება, საინტერესოდ დაწერ, მაგრამ არ მინდა ჩემზე სტატიები იწერებოდეს​
–შენ აშკარად დიდ სპორტში იქნები და, უნდა მიეჩვიო, რომ შენზე დაიწერება
–ძალიან უხერხულია ამდენი პოსტი, ძალიან… 

საბოლოოდ უარის თქმაც ეუხერხულა და ინტერვიუ შედგა. მშვიდი, გაწონასწორებული, ზრდილობიანი, განათლებული – ილია სულამანიძე არღვევს ყველანაირ უარყოფით სტერეოტიპს, რაც კი ოდესმე სპორტსმენზე გსმენიათ. არაერთი ნიჭით დაჯილდოებული თავს ჯუდოსგან მკვეთრად განსხვავებული სფეროებითაც ადვილად გვამახსოვრებს…

ძიუდოისტი რომ არ ვიყო, პიანისტი ვიქნებოდი. მუსიკაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მის გარეშე. პიანინოზე, აკორდეონზე და ფანდურზე ვუკრავ, გიტარასაც ვსწავლობ. ვფიქრობ,  მექნება საშუალება, რომ მუსიკასაც გავყვე, როდესაც ძიუდოში კარიერას დავასრულებ, რადგან მას არ სჭირდება ფიზიკური მონაცემები”.

მისი მრავალმხრივობა უპირველესად მშობლების გადაწყვეტილებებმა და ილიას დამჯერმა ბუნებამ განაპირობეს. ამბობს, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში ჩართვას, მისთვის ხელი არაფერში შეუშლია…

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, უფრო ტექნიკური საგნები მიყვარდა – მათემატიკა, ფიზიკა; დავდიოდი მუსიკაზე, ცეკვასა და სპორტზე. ბევრი მეკითხება, როგორ ვათავსებდი, მაგრამ მგონია, რომ ადამიანს თუ რამის გაკეთება უნდა, ჩვეულებრივად გააკეთებს. ბავშვობიდან პასუხისმგებლიანი ვიყავი და არაფერს არ ვაცდენდი, არც ვაგვიანებდი, არც ვიტყუებოდივფიქრობდი, რომ რადგან ჩემმა მშობლებმა ასე გადაწყვიტეს, ესე იგი, ასეა საჭირო. რომ წამოვიზარდე გადაწყვეტილებების მიღება თავად დავიწყე და საითაც გული მიმიწევდა, იქით წავედი”

 

გულმა თავდაპირველად ცეკვისკენ გაუწია, თუმცა იმის გაანალიზებამ რომ  სპორტული გამარჯვებით უამრავი ადამიანის გაბედნიერებაა შესაძლბელი, სასწორის პინა ჯუდოსკენ გადაუხარა…

ძიუდოსა და ცეკვაზე ჩემთან ერთად ჩემი ძმა შაკოც დადიოდა. ერთხელ, 9–10 წლის ვიქნებოდით,  გასვლა გვქონდა შეჯიბრებაზე და პარალელურად დაემთხვა ცეკვის კონცერტიც. მაშინ მახსოვს ტრენერმა გვკითხა რას ვიზამდით და რომელს ავირჩევდით.  ჩემმა ძმამ ძიუდოზე წასვლა გადაწყვიტა, მე ცეკვაზე წავედი. კონცერტიდან რომ მოვდიოდით, ქორეოგრაფს დაურეკა ტელეფონმა და უთხრა, რომ მოიგო შაკომ და მთელმა ავტობუსმა ტაში დაუკრა, ყველას ძალიან გაგვიხარდა.  მაშინ მივხვდი, რომ სპორტით შეგიძლია ბევრი ადამიანი გააბედნიერო. ძალიან სასიამოვნო განცდა იყო და ჩამრჩა ეს გრძნობა. ამის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, გავყოლოდი ძიუდოს. გამარჯვების სურვილი გამიჩნდა და ამ დღის მერე პატარებშიც ვვარჯიშობდი და დიდებშიც

არჩევანმა გაამართლა. შრომამ შედეგი გამოიღო. მაღალი საჭიდაო ინტელექტით დაჯილდოებული, გონიერი და თანმიმდევრული სულამანიძე  მცირე ასაკის მიუხედავად, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის, რასაც აკეთებს – მისი ყურებისას ჩნდება განცდა, რომ ყოველი მოქმედება, ჩავლება, თუ გდება წინასწარაა ნაფიქრი და გაანალიზებული.

„ეს ბიჭი ძალიან დიდი ჯუდოს იჭიდავებს“ –  სწორედ ეს განცდა დამიტოვა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნებული კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, დახვეწილი, თავდაჯერებული ილია სულამანიძის ნახვამ. ის გასულ კვირას ახალგაზრდებს შორის გამართული კონტინენტის პირველობის ჩემპიონი გახდა.  ტიტულის დაცვა ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლო; აშკარა იყო, რომ თანატოლებზე ერთი თავით მაღლა იდგა.

თავად საკუთარ ძლიერ მხარეებზე საუბარი არ უყვარს. უფრო სწორად საკუთარ თავზე საუბარი საერთოდ არ უყვარს. ძლივს მოპოვებული ინტერვიუს მსვლელობისას მრავალგზის შებრუნებული კითხვის შემდეგ, როგორღაც წამოცდა…

ნებისყოფა, ესაა ჩემი ძლიერი მხარე – ძალიან ბევრ რამეზე შემიძლია უარის თქმა“

ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის ჯუდოს ბევრი მოყვარულისთვისაც, ილია სულამანიძე ცნობილი 2019 წელს გახდა. მართლაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გასული წლის აღმოჩენა იყო.

„2019 წელი ყველაზე ნაყოფიერი იყო ჩემი კარიერის განმავლობაში. ეს წელი დაიწყო საქართველოს ჩემპიონატით ახალგაზრდებს შორის. წონა ახალი შეცვლილი მქონდა და მოვიგე ეს შეჯიბრება. ეს იყო ჩემთვის 100 კგ-ში პირველი წარმატება. უფრო მეტიც, მანამდე სხვა წონაში საქართველოს ჩემპიონი არ ვყოფილვარ, არც ერთი წელი მედლის გარეშე არ ჩამიგდია, მაგრამ მხოლოდ პრიზიორობას ვაღწევდი. ზოგადად მგონია, რომ ჩემი წონა ვიპოვე და სპორტული გეგმების განხორციელებას სწორედ 100 კგ–ში ვგეგმავ“  

გეგმები კი, თანაგუნდელების მსგავსად, საკმაოდ დიდი აქვს. მიზნების მასშტაბურობას მის შემთხვევაშიც მწვრთნელთა შთაგონებები იწვევს.

ჩვენთვის ლაშა მასწავლებელს ხშირად უთქვამს, რომ თქვენი კონკურენტები არა მხოლოდ ძიუდოისტები არიან, არამედ სხვა სპორტსმენებიც. ჩვენი, ყველას მიზანია, რეკორდსმენები გავხდეთ არა მხოლოდ ძიუდოისტებს შორის, არამედ ზოგადად სპორტში. სხვებსაც უნდა ვაჯობოთ მედლების რაოდენობით და სინჯებით . „გამოწვევა 2020“–ის ყველა წევრის მიზანი ისაა, რომ ერთ და ორ წარმატებაზე არ გავჩერდეთ და ჩვენი რესურსი მთლიანად ამოვწუროთ ძიუდოში, რასაც, სამწუხაროდ,  ბევრი ქართველი ძიუდოისტი ვერ ახერხებდა.”

ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მისი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ „გამოწვევა 2020“–ის წევრობაა. ამბობს, რომ მწვრთნელებს სრულიად ენდობა და მიაჩნია, მათი მითითებების გათვალისწინება მიიყვანს კიდეც სასურველ შედეგებამდე.

გამოწვევა 2020–ში 2017 წლიდან ვარ. იმ წელს ჭაბუკებს შორის მესამე ადგილისთვის შეხვედრა წავაგე, თუმცა პროექტში მაინც მოვხვდი, მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ პერსპექტიული ბიჭი ვიყავი და მიმიღეს.  მწვრთნელებსაც და გუნდსაც ძალიან კარგად შევეწყე. ამ პროექტის დაწყებისას ახალი შეკრებილები ვიყავით, ახალი გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი,  არ იყო რაღაც ჯგუფები, ან დაჯგუფებები, ყველანი ერთად ვიყავით ნაკრებში და ახლაც ასე ვართ. თავდაპირველად პროექტის თითოეული წევრი  მუდმივად წვრთნაში და სწავლებაში ვიყავით, გეგმაც ეს იყო, რომ პირველი წლები მზადებასა და თავდაუზოგავ შრომას უნდა დათმობოდა, შემდეგ კი უკვე დავიწყეთ შეჯიბრებებზე სიარული და შესაბამისად,  გამოცდილების შეძენა. ასე ყალიბდებოდა გუნდი.  პირადად მეც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის სწორედ პროექტ „გამოწვევა 2020”-ის წევრობა. ამ პროექტში ყოფნა მისახავს მომავლის მიზნებს, სრულად ვენდობი ჩემს ტრენერებს და ვიცი, რასაც გადაწყვეტენ ჩემთვის და ჩემი განვითარებისთვის იქნება კარგი. ვფიქრობ, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. სადაც ჩემი კარიერა განვითარდება”

 

ასევე მწვრთნელების დამსახურებად მიიჩნევს, რომ უფროსებს შორის თავის სადებიუტო საერთაშორისო შეჯიბრებაზე ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი ჰქონდა.

ძალიან განსხვავდება ახალგაზრდებს შორის ასპარეზობა უფროსებს შორის ასპარეზობისგან. ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ხშირად გვეუბნება, რომ ახალგაზრდულ ასაკში მეტოქის მიხედვით კი არ უნდა ვიჭიდაოთ, არამედ ყველას ჩვენი უნდა მოვახვიოთ თავს და ასე ვთქვათ, ჩვენ ჩვენი ჭიდაობა ვაჩვენოთ. ხოლო როდესაც უკვე უფროსების ასაკში გადავალთ, აუცილებელია მეტოქეები ტაქტიკურად გვყავდეს შესწავლილი და რომ აღარ შეიძლება მარტო შენი ჭიდაობის ჭიდაობა. ახლა ამ კონკრეტულ შეჯიბრებაზე, თელავივში, როდესაც დებიუტი მქონდა უფროსებს შორის საერთაშორისო ასპარეზზე მწვრთნელებმა ყველანაირი ფსიქოლოგიური წნეხისგან გამათავისფლეს. მსოფლიოს ჩემპიონს ვხვდებოდი და ტრენერმა შემიქმნა ის ხასიათი და ისეთი ფსიქოლოგიური განწყობა, რომ არ მიმექცია ყურადღება მისი ტიტულისთვის და ტაქტიკურ მხარეზე გამემახვილებინა ყურადღება. საერთოდ არ მქონდა ის განცდა, რომ უფროსებში ვიყავი და მსოფლიოს ჩემპიონს ვეჭიდავებოდი, უფრო მეტიც, შემეძლო მარტივადაც მომეგო, მაგრამ შეცდომები დავუშვი, რომლებიც გამოუცდელობამ გამოიწვია.  ზოგადად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც მწვრთნელები გვასწავლიან არის პასუხიმგებლობის გადანაწილება – გვეუბნებიან ხოლმე, რომ თუ წააგებთ ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალეთ, ხოლო მოგება მთლიანად თქვენზეა. ამით პასუხისმგებლობას გვიხსნიან და სრულად გვაცილებენ ფსიქოლოგიურ ნერვიულობას“

 

ფიქრობს, რომ როგორი ძლიერი მეტოქეებიც  არ უნდა ჰყავდეს, სპორტსმენი პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ეჯიბრებოდეს და ხვალინდელი დღის უმთავრეს კონკურენტად დღევანდელი საკუთარი თავი უნდა მიაჩნდეს.

„100 კილოგრამში ბევრი ტექნიკური და ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ძიუდოისტია. ამ წონას რამდენიმე გამოკვეთილი ფავორიტიც ჰყავს, თუმცა შეუძლებელია, არ გამოვარჩიოთ ჩვენი კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ის უდავოდ ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი ძიუდოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე კონკურენციის მხრივ ასე კონკრეტულად ლიპარტელიანზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ 100 კგ–ში ყველა ქართველი ძიუდოისტი ანგარიშგასაწევი ძალაა. ჩემი აზრით, სპორტსმენმა შენი თავი უნდა განავითარო და სხვებს არ უნდა უყურო. მაინც და მაინც ერთ მეტოქეზე და ზოგადად კონკრეტულ კონკურენტებზე არ უნდა ჩაიციკლო, რადგან ასე შეიძლება იმათ მოუგო და შემდეგ სხვასთან წააგო, ვისთანაც არ ელოდებოდი. ამიტომ შენი თავი უნდა განავითარო და ზოგადად მოემზადო ყველასთან შესახვედრად. რაც უფრო ძლიერი მეტოქეები მეყოლება, მით უკეთესია, რადგან მოდუნების საშუალებას არ მექნება, უფრო განვვითარდები. 100 კილოგრამი ჩემს გუნდშიც, „გამოწვევა  2020“–შიც საკმაოდ კონკურენტულია და ძლიერი მეტოქეები მყავს. ზუსტად ეს გვზრდის ყველას”

19 წლის ასაკში, კარიერის ამ ეტაპამდე ორი მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალი აქვს წაგებული – ახალგაზრდებს შორის ოლიმპიადის და მსოფლიოსი. ამბობს, რომ არანაირი ფსიქოლოგიური ფაქტორი არ აქვს და ორივეჯერ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო.

ზოგადად წაგებას საკუთარი თავის მეტს არავის და არაფერს ვაბრალებ ხოლმე. ოლიმპიადაზე მარცხი  არასწორად შერჩეული სტილის ბრალი იყო, ხოლო მსოფლიოზე იმ სტილის არ ქონა, რაც იაპონელებთან არის საჭირო. ახლა ამაზე მუდმივად ვმუშაობ, რომ ის სტილი განვავითარო, რაც იაპონელებთან დამეხმარება –  კერძოდ, მარცხნივ ჭიდაობა და მარცხნივ დგომს ვავითარებ და ქართული სტილი რასაც ჰქვია, ქამრიდან ჭიდაობას. მგონია, რომ წაგებული შეხვედრები უფრო მეტს მასწავლის, მე ჩემს შეხვედრებს წაგებულებს უფრო ხშირად ვუყურებ, ვიდრე მოგებულს. ვიწყებ შეცდომების ანალიზს და შემდეგ ვმუშაობ აღმოფხვრაზე, რომ რათა იგივე აღარ დავუშვა”.

მიუხედავად იმისა, რომ ხელი რასაც მოკიდა, თითქმის ყველაფერი გამოუვიდა, არასდროს უნანია, რომ პროფესიად ჯუდო აირჩია. ფიქრობს, რომ სპორტი, რომელსაც ემსახურება  „მაგარია ტიპია“ – თავად მასში  მაქსიმუმს დებს, დივიდენდად კი  ათმაგს ელის.

„ძიუდოში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, ნებისყოფა, დისციპლინა და სიმშვიდე. მგონია, ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვაკლებ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძიუდოსგანაც მივიღებ იმას, რასაც ველოდები. ზოგადად ძიუდო ძალიან მაგარი ტიპია, აძლევ ერთს და უკან გიბრუნებს ათს – ტიტულს, დიდებას, წარმატებას, ფინანსებს. საერთოდ ქართველებს ამ სპორტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენი, ქართველების ხასიათი მნიშვნელოვნად გვეხმარება წარმატებაში. შეიძლება მეტოქე გვჯობდეს და სწორედ ხასიათის ხარჯზე მოვიგოთ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მეტოქე სტილითაც მაღლა იდგა, ტექნიკითაც, ფიზიკურადაც და ქართული ჟინით ბევრჯერ მოუგიათ ჩვენებს შეხვედრები, მათ შორის მოუგიათ ოლიმპიადისა და მსოფლიოს ფინალები” 

შენ გქონია ისეთი შეხვედრა, რომელშიც ხასიათმა და ჯინმა გაგამარჯვებინა

-არა, მაგრამ მექნება – ოლიმპიადის ფინალი.

შემდეგ წელს რომ ჩატარდება? 

-შემდეგ წელს, ან სამი წლის შემდეგ რომ იქნება, ან ორივე; არაფერს გამოვრიცხავ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge