ვახო სანაია: სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს არის ჩემი მოთხოვნა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ჟურნალისტი ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, ხოლო მის საქმეში დაკავებულ სამ პირს ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ბრალდება წაუყენა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებს. ბრალდების მხარე, ისევე როგორც დაზარალებული ვახო სანაია დაკავებულთა მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, ყველა ბრალდებული მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა. სანაიას განმარტებით, სამი თავდამსხმელიდან 2 დანამდვილებით მას შეურაცხყოფას, როგორც ჟურნალისტს ისე აყენებდა.

“გიგაური, რომელიც პირველად წამოვიდა დასარტყმელად, როცა მე გავიწიე წაიქცა. შემდეგ ის ორი მოვიდა, ამასობაში ესეც წამოდგა, და სამივე მონაწილეობდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში – ხელებით, ფეხებით. ამიტომ ამ ნაწილში სამივეა დამნაშავე. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობას, გიგაური ცალსახად დამნაშავეა, მეორეც, საყევარიშვილი ასევე ცალსახად დამნაშავეა. პირდაპირ ამბობდნენ, როგორც ჟურნალისტს ისე მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ასახელებდნენ ტელევიზიებს, სადაც ვმუშაობდი.

რაც შეეხება ერთ-ერთს, სახელაშვილს, ის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა, თუმცა მის ნაწილში არ მომისმენია ტელევიზიის ხსენება ან რაიმე ამდაგვარი ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ისიც უნდა დაისაჯოს, რადგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა. სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს არის ჩემი მოთხოვნა, და არ გაბედოს სხვა რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ” – ამბობს ვახო სანაია.

დაკავებულების მიმართ წარდგენილი საბრალდებო მუხლები ძალადობით ან ძალადობის მუქარით განხორციელებულ დევნას, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და ძალადობას გულისხმობს, რაც სასჯელის ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია “ფორმულამ” გაარკვია, რომ ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან. გეგეშიძე “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ერთ-ერთი პირია. ჭიდაობის ფედერაციის მაღალ ეშელონებში დასაქმებულნი აქამდეც არაერთ თავდასხმაში მონაწილეობდნენ, მათ შორის პოლიტიკური მოტივით განხორციელებულში. თავად პრეზიდენტი გეგეშიძე კი ბრალდებული იყო სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში.  ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ალექსანდრე ჭიკაიძე ამჟამად ჭიდაობის ფედერაციაში მუშაობს. ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge