ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს ვასილ მახარაძეს სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქმის ორ ეპიზოდში – ძალადობის ორგანიზებასა და გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის თაობაზე. ვასილ მახარაძე მართავდა იმ “ტოიოტა ქამრის”, რომლის ხუთი მგზავრიც მსჯავრდებულია გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
რაც შეეხება დანარჩენ სრულწლოვან ბრალდებულებს, “მერსედესის” მარკის მგზავრებსა და მძღოლს ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატიაშვილს სასამართლომ 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მათ ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა.
აღსანიშნავია, რომ გიგა ტატიაშვილი სასამართლომ ერთ ეპიზოდში, კერძოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში გაამართლა. საქმის პროკურორ ვახტანგ ცაღულელაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც სახელმწიფო ბრალდება მოსამართლის მიერ განაჩენის დასაბუთებას გაეცნობა, მიიღებს გადაწყვეტილებას გაასაჩივროს თუ არა კონკრეტულ ეპიზოდში ტატიაშვილის გამამართლებელი განაჩენი.