„მეღვინეობა სპორტს ჰგავს – როგორც თამაშამდე არ იცი, დაგიფასდება თუ არა შრომა და ნერვიულობ, ასეა ღვინის შემთხვევაშიც: სანამ ქვევრს არ გახსნი, გეშინია, რადგან არ იცი, როგორი დაგხვდება”
ვეტერანი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა დამწყები მეღვინეა. ის ღვინოს თელავის რაიონის სოფელ შალაურში უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით 100-წლიან ქვევრებში ამზადებს. ცნობილმა სპორტსმენმა მეღვინეობაში პირველი ნაბიჯი 2014 წელს გადადგა, ორ წელიწადში კი უკვე ბრენდირებული პროდუქცია გამოუშვა – Boisa Brandy and Wine:
„როგორც ყველა მეღვინემ, ეს საქმე მეც სიყვარულით დავიწყე, ყოველთვის მაინტერესებდა ღვინის გაკეთების პროცესი. 2014 წელს ჩემთვის დავაყენე რქაწითელი და ამით გავიგე, რა შემეძლო. 2015 წელს კონიაკის V.S.O.P-ის წარმოებაც დავიწყე – სპირტს ვყიდულობ ჩემი ბრენდისთვის და ისე ვაყენებ. ამავე წელს ვცადე საფერავის წარმოებაც და არ მომეწონა. თუმცა ანალოგიურმა მცდელობამ გაამართლა 2016-ში – ძალიან კარგი გამომივიდა. 2017-დან XO-საც ვუშვებ. პირველ წელს ჭაჭას ვაწარმოებდი, მაგრამ მას ძალიან დიდი შრომა სჭირდებოდა, ამიტომ შევწყვიტე. წელს კი მის დაყენებას ისევ ვაპირებ. მომხმარებელი კი მას 2019 წლიდან ახალი დიზაინის ბოთლებში იხილავს”
-როგორც აღნიშნეთ კონიაკისთვის სპირტს ყიდულობთ, ღვინოსაც ნაყიდი ყურძნით ამზადებთ თუ ვენახები თქვენია?
-მხოლოდ რქაწითელია ჩემი, დანარჩენს ვყიდულობ. აქამდე ეს ორი ჯიში – რქაწითელი და საფერავი მქონდა. წელს კი უნიკალური ქართული ჯიშები – ქისი და ხიხვი ვცადე. ეს იყო ჩემი მეგობრის, გია პირადაშვილის იდეა. მან მიბიძგა ამისკენ. საერთოდ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი და ვუსმენდი მწვრთნელებს, ვიღებდი მათ რჩევებს, რა და როგორ გამეკეთებინა. მეღვინეობაშიც ასე ვარ. ამ სფეროში ძალიან ბევრი მაგარი ადამიანია, დიდი გამოცდიელბითა და ცოდნით. ისინი მიყურებენ, როგორც მეგობარს და არა კონკურენტს. შესაბამისად, ყველანაირად მეხმარებიან. თუ რამე კარგი იდეა აქვთ, მეუბნებიან და მეც, თუ შემიძლია, ვასრულებ. ახლაც მირჩიეს, რომ 2017 წლის მოსავალი ჯერ არ ჩავასხა ბოთლებში და მეც გადავწიე. ვფიქრობ, მათი რჩევების გარეშე ჩემი ღვინო ასეთი კარგი არ გამოვიდოდა.
– ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ნიშნავს, რომ აქცენტს მასობრიობაზე არ აკეთებთ…
– დიახ, ასეა. ქვევრებში ვაყენებ ღვინოს ზუსტად ისე, როგორც 8 000 წლის წინ აყენებდნენ და რაოდენობაც შეზღუდული მაქვს. წელს ჩემთვის რეკორდული მოსავალია, ჯამში ოთხივე ჯიშის ყურძენი 5 200 კილოა და აქედან 3500-4000 ბოთლი ღვინო თუ გამოვა. არც გაყიდვის პრობლემა მაქვს, საქართველოში ვთანამშრომლობ Wine Galery-ისთან და რესტორან „ტიფლისთან”, ასევე მოლაპარაკებები დავიწყე ინტერნეტსაიტთან, რადგან ბევრი მეკითხება, როგორ შეიძლება შეიძინოს პროდუქტი. ონლაინყიდვა კი ძალიან მარტივია. მცირე რაოდენობა გამაქვს სლოვენიაში, საიდანაც ჩემი მეგობრის პარტნიორებს ავსტრიასა და იტალიაში მიაქვთ და ძირითადად, რესტორნებში ყიდიან. ასე რომ, ამ ეტაპზე გაყიდვის პრობლემა არ მაქვს და ვფიქრობ, წარმოება რომც გავზარდო, მსგავსი საშიშროების წინაშე არც მაშინ დავდგები.
– აპირებთ რომ გაზარდოთ მასშტაბი?
– სანამ სხვა სამსახურშიც ვარ და ჩემი ოჯახიც აქედან შორს იქნება, ვერ შევძლებ. ჩემს მარანში მე ვარ მეღვინე, ყველაფერს თავად ვაკეთებ, მხოლოდ ერთი მეგობარი მეხმარება. როცა მე არ ვარ, ის არის იქ და ვიცი, რომ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მე გავაკეთებდი. რაც შეეხება რთველს, ყურძნის არჩევას, ღვინის დაყენების პროცესს, ყველაფერში ჩართული ვარ. ისე არაა სიტუაციაა, რომ ვლადიმერ ბოისასთვის ვიღაც აყენებს ღვინოს. მე თავად ვსწავლობ ყველაფერს და ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ეს ტრადიცია ჩვენშია. ჩემშიც, მათ შორის.
-როგორც აღნიშნეთ ყველაფერი მეღვინეობის სიყვარულით და ინტერესით დაიწყეთ, როდის მიხვდით, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ბიზნესიც იყო?
-როდესაც დიდი ფული გადავიხადე ლოგოსა და ვებგვერდში, მაშინ მივხდი, რომ ეს უკვე არის ბიზნესი და არა ჰობი. თუმცა ჯერჯერობით თავს ბიზნსმენად მაინც ვერ აღვიქვამ, რადგან ამის გარდა, უამრავი საქმე მაქვს, ფედერაციაში ვიცეპრეზიდენტი ვარ. როგორც აღვნიშნე, ოჯახიც შორს მყავს და ხშირად მივდივარ სლოვენიაში. არადა მეღვინეობაში უმაღლეს საფეხურზე რომ ვიყო, დღე და ღამე მარანში უნდა გავატარო. ვფიქრობ, რომ დიდი პოტენციალი მაქვს, მაგრამ დრო არ მყოფნის. თუმცა ვემზადები იმისთვის, რომ მხოლოდ მეღვინე ვიყო.
– აპირებთ, რომ მეღვინეობა თქვენს ერთადერთ საქმიანობად აქციოთ?
– დიახ, ამას ვგეგმავ. ასე ვთქვათ, პენსიითვის ვემზადები.
– როგორც თქვით, თქვენი ღვინო რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშიც გადის, მოსწონთ ადგილობრივებს, მათთვის ხომ ქვევრის ღვინო უცხოა?
– ქართულ ღვინის ექსპორტი ევროპაში ნაკლებად ხდება, მას მასშტაბური ბაზრები უფრო სხვა აქვს. თუმცა ევროპაში, ძირითადად, სწორედ ქვევრის ღვინო გადის. ეს მათთვის ახალია, უცხო გემო აქვს და მოსწონთ. ევროპული წესით დაყენებული საკუთარიც ბევრი აქვთ, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს თავისი ღვინო. მე არ მაქვს დიდი ექსპორტი, 1000 ბოთლის გაყიდვაც კი კარგი შედეგია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ქართული ქვევრის ღვინო ჩამოსულმა სტუმრებმა აქ უნდა დააგემოვნონ და შეიძინონ.
– გამოფენებში თუ მონაწილეობთ ხოლმე?
-არა. ჯერ ამის დრო არ არის. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მოგება უყვარს და როდესაც მონაწილეობას მივიღებ, შესაბამისი შედეგიც უნდა მქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ რამით უკმაყოფილო ვარ, უბრალოდ, ახლა მხოლოდ ერთი ჯიშით მომიწევს წარდგენა და აზრი არ აქვს. 2017 წლის მოსავალი ჯერ არაა ბოთლებში, მომდევნო წელს გამოვა, ამას ასევე დაემატება ქისი და ხიხვიც და 2017-2018 წლის მოსავალი უკვე დიდი მექნება.
ღვინის გარდა, ასევე მაქვს კონიაკის ბრენდიც. სადაც იდეაა განსაკუთრებული – ბოთლები და საცობი არის სლოვენური. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში წავედი სლოვენიაში და თავად ვარ ასეთი, როგორიც ჩემი კონიაკი – შიგნიდან ქართული, გარედან სლოვენური. საქართველოდან როცა მივდივარ, ქართველები ამბობენ, რომ სახლში მივდივარ, ხოლო როდესაც სლოვენიაში ვარ, იქაური მეგობრები მეკითხებიან, სახლში როდის ვბრუნდები.
კონიაკის დამზადება ძვირი მიჯდება, მაგრამ ყველაფერი სწორად გავაკეთე. პროცესში თავად ვიყავი ჩართული. X.O-სა და V. S. O. P -ის გემოებს ტექნოლოგებთან ერთად განვიხილავდი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ღვინოშიც ასეთივე წარმატებული ვიქნები. თავადაც მიყვარს დალევა და პირველ რიგში, ჩემთვის ვიმზადებ, მინდა, რომ საუკეთესო დავლიო.
-შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რა კავშირია სპორტსა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებას შორის…
-ჩემთვის ეს აზარტულია. მეღვინეობა სპორტს ჰგავს, როგორც თამაშის წინ გადიხარ და არ იცი, როგორ დამთავრდება და რამდენად დაგიფასდება ის შრომა, რაც მასში ჩადე, ასე ვარ აქაც. უკვე დავხურე ქვევრები და ძალიან ვნერვიულობ, რა იქნება აპრილში. არ ვარ ის ადამიანი და ის მეღვინე, რომ ყოველ თვეს გავხსნა და ვნახო, როგორ მიდის საქმე. ვაყენებ, როგორც აყენებდნენ 8 000 წლის წინ და მომწონს ეს ადრენალინი, ეს ნევროზი, ასე ვთქვათ „მანდრაჟი”. რომ არ მოგატყუოთ, მეშინია კიდეც იმის, თუ რა დამხვდება ქვევრში, როდესაც გავხსნი.
პ.ს. ჩემთვის, როგორც სპორტისა და ღვინის მოყვარულისთვის მეღვინე ვლადიმერ ბოისა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორც ჟურნალისტისთვის კი მასზე წერა უდიდესი სიამოვნება და პასუხისმგებლობა იყო. სულ რაღაც ნახევარსაათიანი საუბარი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვლადიმერ ბოისა ჩემს მეხსიერებაში საუკეთესო რესპონდენტად დარჩენილიყო… განსაკუთრებულ აღფრთოვანებას კი მაინც ის იწვევს, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი ბიზნესში დამკვიდრებას არა უკვე ბრენდად ქცეული სახელითა და გვარით, არამედ ხარისხით ცდილობს…
წყარო: ბიზნესპოსტი