პოლიტიკას სპორტი ხშირად დაუზარალებია. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქვეყნების მიერ ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი. ყველაზე მასშტაბური ბოიკოტი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის მიმართ გამოცხადდა. კამპანია აშშ-მ დაიწყო, რაც პასუხი იყო საბჭოთა ჯარის ავღანეთში შეჭრაზე.
ოლიმპიური თამაშებზე გამგზავრებაზე უარის თქმის საჭიროებაში ქვეყნების დარწმუნებაში ჩართული იყო ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალიც, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მისიით ჩავიდა ადგილობრივ მთავრობის წევრებს შეხვდა.
საბოლოოდ, ბოიკოტს ჯამში 66 ქვეყანა შეურთდება. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც უარი მხოლოდ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობაზე თქვეს. ასევე, რამდენიმე ქვეყანამ ლიცენზირებულ სპორტსმენებს მისცა უფლება ეროვნული დროშისა და ჰიმნის გარეშე ეასპარეზათ.
ბოიკოტს შეერთებულ ქვეყნებს შორის იყო იაპონიაც. არც მის სპორტსმენებს ჰქონიათ უფლება ინდივიდუალურად ასპარეზობის, შესაბმისად 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადამ ჯუდოში მთავარი ფავორიტების, იაპონელების გარეშე ჩაიარა. მედლების საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირი გავიდა – 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით. მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით. თუმცა, საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელიც ოფიციალურად არ მონაწილებდა და მხოლოდ სპორტსმენებს მისცა ასპარეზობის უფლება. შესაბამისად, ფრანგი სპორტსმენები ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოვიდნენ.
მსგავსი მიდგომის ქვეყნებიდან მედლები აიღეს შემდეგი ერების წარმომადგენელმა სპორტსმენებმა: ბელგია, იტალია, შვეიცარია, დიდ ბრიტანეთი და ნიდერლანდები.
მომდევნო ოლიმპიადა კი 1984 წელს ლოს-ანჯელესში ჩაინიშნა, რომელსაც მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტის საპასუხოდ ასევე ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოთა კავშირმა და პროცესში ჩართო მოკავშირეები და გავლენის სფეროში მყოფი სახელმწიფოები. ბოიკოტის შესახებ საბჭოთა კავშირმა ოლიმპიადის დაწყებამდე ორი თვით ადრე გამოაცხადა და მიზეზად დაასახელა “სპორტსმენების უსაფრთხოების გარანტიის არ ქონა და ამერიკაში გამეფებული ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური განწყობილებები”, მაგრამ სპორტსმენთა უსაფრთხოება აქ არაფერ შუაში იყო: საბჭოთა კავშირი სამაგიეროს უხდიდა აშშ-ს მოსკოვის თამაშების ბიოკოტისთვის. საბჭოთა ბოიკოტს მიემხრნენ ავღანეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ვიეტნამი, კუბა, ლაოსი, მონღოლეთი, პოლონეთი, სამხრეთი იემენი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და ჩრდილოეთი კორეა. ბოიკოტი გამოაცხადა ირანმაც, თუმცა არა საბჭოთა კავშირის, არამედ ამერიკასთან საკუთარი პოლიტიკური ურთიერთობის გამო.
ბოიკოტის მიუხედავად, ლოს-ანჯელესის თამაშებში 140 ქვეყანა მონაწილეობდა – 60-ით მეტი, ვიდრე მოსკოვში, და 19-ით მეტი, ვიდრე მანამდე (ამ მხრივ სარეკორდო მიუნხენის თამაშები იყო).
ჩვენთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკის გამო, 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე ვერ მოხვდნენ ვერც ქართველი სპორტსმენები. შესაბამისად, ამ წელს ჯუდოს ტურნირმაც ქართველი ჯუდოკების გარეშე ჩაირა.
ლოს-ანჯელესში ჯუდოში მონაწილებდა 61 ქვეყნის 211 სპორტსმენი. პირველი ადგილი 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით იაპონიამ დაიკავა. მეორე ადგილზე კი 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით სამხრეთ კორეა გავიდა. აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესის თამაშებზე სამხრეთ კორეას ისტორიაში პირველად ჰყავდა ოლიმპიური ჩემპიონი და თანაც ერთდროულად ორი.
ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 93 დღეში კვლავ გაიშლება. ტოკიოში დიდი ჯუდო 24-დან -31 ივლისის ჩათვლით გველოდება