1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე შოთა ჩოჩოშვილი არ ყოფილა ერთადერთი ქართველი, ვინც მედალი მოიპოვა. ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი ასევე გახდა გივი ონაშვილი.
მან ოლიმპიური ბრინჯაო +93 კგ წონით კატეგორიაში 25 წლის ასაკში მოიპოვა. მედლისთვის ბრძოლაში ონაშვილმა სენეგალელი, იაპონელი და ფრანგი მეტოქეები ჩამოიცილა, თუმცა ნახევარფინალური შეხვედრა გერმანელ კლაუს გლანთან დათმო.
აღნიშნულ წონაში ჩემპიონი ნიდერლანდელი ვილემ რუსკა გახდა. მანვე მოიგო აბსოლუტური წონითი კატეგორიაც (შეგახსენებთ, რომ წინა ოლიმპიადაზეც (1964) აბსოლუტური წონითი კატეგორიის გამარჯვებული ასევე ნიდერლანდელი ანტონ გეესინკი გახდა, რომელიც პირველი არაიაპონელი ოლიმპიური ჩემპიონიცაა).
1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები 6 წონაში გათამაშდა და მათგან 3-ში ჩემპიონის ტიტულს ჯუდოს სამშობლოს წარმომადგენელი დაეუფლა.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე 15 რესპუბლიკისგან შემდგარმა სახელმწიფომ, ჯამში 4 მედალი მოიპოვა და აქედან ორი (ოქრო, ბრინჯაო) სწორედ ქართველების ანგარიშზე იყო.
ტოკიოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 94 დღეში კვლავ გაიშლება. ამომავალი მზის ქვეყანაში დიდ ჯუდოს 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ვიხილავთ.
წყარო: “ჯუდოს დღიურები”