“კანონში არსებულმა ჩანაწერმა საშუალება მისცა ფსევდორელიგიურ ორგანიზაცია „გირჩს“ ძირგამომთხრელი საქმიანობა ეწარმოებინა ქვეყნის წინააღმდეგ”-ზვიად ტომარაძე

ავტორი შორენა პირველი

“სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა არა ჯარის, არამედ ფულის საკეთებელ ორგანოდ,”-ამის შესახებ ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა, ანალიტიკოსმა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ტომარაძის განცხადებით, კანონში არსებულმა ჩანაწერმა საშუალება მისცა ფსევდორელიგიურ ორგანიზაცია „გირჩს“, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა ეწარმოებინა ქვეყნის წინააღმდეგ, კეძოდ,  ფსევდო რელიგიური ორგანიზაციის შექმნით საშუალება მისცა მრავალ ათას ადამიანს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავი აერიდებინა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მან  საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა.

„დავწერე კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების შესახებ. კერძოდ მის 30-ე მუხლში ჩამონათვალია თუ ვის შეუძლია გადავადება მოითხოვოს და ამ ჩამონათვალიდან ხდება სიტყვა „მღვდელმსახურის“ ამოღება. ეს განპირობებულია იმით, რომ 2017 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით გაჩნდა პრობლემა. კერძოდ კანონში არსებულმა ამ ჩანაწერმა საშუალება მისცა ფსევდორელიგიურ ორგანიზაციას  ძირგამომთხრელი საქმიანობა ეწარმოებინა ქვეყნის წინააღმდეგ. შექმნა ფსევდორელიგიური ორგანიზაცია და ამის საშუალებით მრავალმა ათასმა ადამიანმა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება შესძლო. სწორედ ამიტომ შევიმუშავე საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საშუალებითაც კანონიდან ამ ტერმინის ამოღება მოხდება“, – აღნიშნავს ტომარაძე..

ანალიტიკოსის განცხადებით, მის ინიციატივაში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ინტერესები  გათვალისწინებულია.

„ საუბრები მქონდა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, 27 წლამდე მღვდელმსახური (რა ასაკამდეც ხდება ჯარში გაწვევა) ძალიან ცოტაა, როგორც ჩვენს ეკლესიაში, ისევე სხვაგან. გარდა ამისა, 30-ე მუხლში არის ჩამონათვალი თუ ვის შეუძლია გადავადება მოახდინოს, მათ შორის პრემიერ-მინისტრსაც შეუძლია გადავადება მოახდინოს. შესაბამისად, ძირითად კონფესიებს საშუალება ექნებათ, დაუშვათ, პრემიერის ბრძანებით გაათავისუფლონ მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან“, – აცხადებს ტომარაძე.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

ტომარაძე კომიტეტს  სამხედრო გაწვევებზე მორატორიუმის გამოცხადებას სთავაზობს, სანამ ჯარში ე.წ. “ყარაული” სისტემა არ მოგვარდება.

“სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა არა ჯარის, არამედ ფულის საკეთებელ ორგანოდ. წვევამდელების წაყვანა ხდება არა ჯარში, არამედ სამორიგეოდ სხვადასხვა ობიექტებზე, ყარაულებად. არ ხდება არანაირი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა. ეს პრობლემა ნამდვილად მოსაგვარებელია,” – აღნიშნავს ტომარაძე.

მისივე განცხადებით, 2019 წლის 5 სექტემბერს თავდაცვის მინიტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას პირობა დადო, რომ მთავრობაში დამტკიცების პირველივე დღეს, “გირჩის მავნებლობას” გამოასწორებდა, ანუ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გადახედავდა. ეს მისი სიტყვებია:
“პარლამენტის წევრებო, დავიწყებთ დღეიდანვე, როგორც კი დავინიშნებით სამინისტროში, დავიწყებთ მუშაობას რომ შევიმუშაოთ შესაბამისი კანონპროექტი და დავარეგულიროთ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ”.
ბ–ნი ირაკლი ისე წამოვიდა სამინისტროდან, რომ აღნიშნული საკითხი არ მოუგვარებია, უფრო მეტიც, 2019 წლის 7 ოქტომბერს პარლამენტში წარვადგინე ჩემს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც გვარდებოდა აღნიშნული პრობლემა, გარდა ამისა, ვითხოვდი სამხედრო გაწვევებზე მორატორიუმის გამოცხადებას მანამდე, სანამ ჯარში ე.წ. ყარაული სისტემა არ მოგვარდებოდა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მიუხედავად ამისა, კანონპროექტს არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია, თავდაცვის კომიტეტმა ეს საკითხი ჩააგდო და პრობლემა კვლავ მოუგვარებელია…”-აცხადებს ზვიად ტომარაძე.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge