იუკო ემოტო – პირველი იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ჯუდოკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

პირველი იაპონელი ქალი ჯუდოკა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები მოიგო არის იუკო ემოტო. მან ყველაზე დიდი სპორტული შეჯიბრების ოქროს მედალი 1996 წელს მოიგო. იუკო იყო ერთადერთი იაპონელი, ვინც ატლანტაში ჩემპიონობა მოახერხა. ამომავალი მზის ქვეყნის ქალმა ჯუდოკებმა კიდევ 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიგეს. ჩემპიონები ასევე ჰყავდათ: ჩრდილოეთ კორეას, საფრანგეთს, კუბას, სამხრეთ კორეას, ბელგიასა და ჩინეთს. გუნდური პირველი ადგილი ქალთა შორის დაიკავა სამხრეთ კორეამ 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით.

როგორც წინა #ოლიმპიურამბებში დავწერეთ, ქალთა ჯუდო ოლიმპიადაზე პირველად 1988 წელს დაუშვეს, თუმცა მხოლოდ საჩვენებლად და ის ოფიციალურ შეჯიბრებად არ ითვლება. არც სეულის ჩემპიონ-პრიზირებს ეთვლებათ მედლები, თორემ პირველი იაპონელი, ვინც ოლიმპიადა მოიგო იქნებოდა ჰიკარი სასაკი. 1992 წელს კი ჯუდოს სამშობლოს ქალთა გუნდმა ოქრო ვერ მოიგო.

1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან მოყოლებული, იაპონიის ქალთა გუნდს არც ერთი ოლიმპიადა არ დაუსრულებია ოქროს მედლის გარეშე. ამ მხრივ საუკეთესო შედეგი 2004-წელს ათენში ჰქონდათ, როდესაც 5 წონაში ჩემპიონები გახდნენ. დღესდღეობით იაპონიას 11 ქალი ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოკა ჰყავს.

დღესდღეობით სწორედ იაპონიას ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო ქალთა ნაკრები, რომელთა წევრებიც ქვეყნის შედეგების გაუმჯობესებას საკუთარ სამშობლოში შეეცდებიან.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 79 დღეში გაიშლება. იაპონია დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge