ჩვენ შეიძლება საერთოდ არ გვყავდეს მერობის კანდიდატი, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ- ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კოლეგები მათზე გაბუტულები არიან და ამ ეტაპზე გაბუტულთაგან რომელიმეს მხარდაჭერაზე საუბარი არასერიოზულია.
„იცით, ჩვენ სპეციფიკური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს კოლეგებთან – ისინი ჩვენზე გაბუტულები არიან. ამიტომ ახლა რომ გითხრათ, გაბუტულთაგან მხარს რომელს დავუჭერ, ეს არ არის სერიოზული.“- აღნიშნა ხვიჩიამ.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა „გირჩი“ მხარს ნიკა მელიას, თუ ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება, ხვიჩიამ უპასუხა, რომ მანამდე ბევრი სხვა პროცესია გასავლელი.
„მელიას მხარდაჭერამდე ბევრი სხვა პროცესი გვაქვს გასავლელი როგორც ოპოზიციასთან, ისე პირადად მასთან, ეს პროცესი სად მიგვიყვანს, კაციშვილმა არ იცის. ახლა მსგავსი ნიშნები არ ჩანს – ჩვენ რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს იმისგან, რასაც მხარდაჭერა და საერთო კანდიდატის წარდგენა ჰქვია, მაგრამ ურთიერთობები სად მივა რამდენიმე თვეში, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩვენ ამ წუთას უფრო ვემზადებით საკრებულოს წარმომადგენლების შერჩევისთვის და გვინდა საქართველოს დიდ ქალაქებში, ყველგან გვყავდეს სათანადო წარმომადგენელი,”- აღნიშნა ხვიჩიამ.