ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს მოქალაქეობა თავისივე განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
“მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა” – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.