კიდევ ერთი ჩინური ვაქცინით – “სინოვაკით” აცრა საქართველოში მომავალი კვირიდან, 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეეძლებათ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიბინგზე განაცხადა.
აღნიშნულ ვაქცინას ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. მინისტრი მოადგილის თქმით, “სინოვაკი” ავტორიზაცია, სავარაუდოდ, მალე მოხდება.
“სინოვაკით ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება, თუმცა ექსპერტები შუალედურ დასკვნაში მას დადებითად ახასიათებენ. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება. აღნიშნული ვაქცინით აცრა შეეძლებათ 18 წლის ზევით მყოფ პირებს” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმითვე, შესაძლოა, საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყოს johnson and johnson-სა და novavax-ის დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, გაბუნიას განცხადებითვე, მიმდინარეობს მუშაობა “ფაიზერისა” და “სინოფარმის” ვაქცინების ახალი დოზების შემოტანაზე.