„აფხაზეთობა“ თბილისში – საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძიების საკითხებზე კონფერენციები მიმდინარეობს

ავტორი oninfo.ge

“სახალხო დიპლომატია, ეს ის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით ალტერნატივა არ აქვს“ – ამის შესახებ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავჯდომარემ გიორგი შერვაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემა სერიოზულია და მისი აქტუალიზაცია, პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა და კონფლიქტის თემის ყოველდღიური დღის წესრიგში გადმონაცვლება აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამეცნიერო კონფერენციები მიმდინარეობს, რომელიც ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებამ „ერთობა ხვალისთვის“ აფხაზეთობის  დღის  აღნიშვნას მიუძღვნა. ღონისძიებები აღნიშნულ დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტეში დაიწყო და 28 მაისს  ქ.ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრი“-ში დასრულდება.

ღონისძიებები  გაიმართა ასევე კოლეჯ „სპექტრში“ (14 მაისი),  ქ.გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  (17 მაისი) და ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (19 მაისი)… დასკვნით ღონისძიებამდე კიდევ ერთი კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მაისს  არის დაგეგმილი.

კონფერენციაში მონაწილეობენ,  როგორც ცენტრალური,  ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, მეცნიერები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი და ახალგაზრდები.

-„მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ  აღნიშნული კონფლიქტების „ტრანსფორმირების“ მიზნით ალტერნატივა არა აქვს სახალხო დიპლომატიას, დიალოგს და ადამიანური ურთიერთობების აღდგენას.

დღეს სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით არაერთ ნაბიჯს დგამს,  მაგრამ აუცილებელია ამ პრობლემის უფრო მეტი აქტუალიზაცია, მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა, კონფლიქტის თემის ყოველდღიურ დღის წესრიგში გადმონაცვლება.  ჩვენ ამ მიზნით, ახალგაზრდების მეტი ჩართულობით,  ვქმნით ერთიან, ძლიერ სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც ყოვედღიურად იმუშავებეს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში,  აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების მოსაძიებლად.“- განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

ცნობისთვის, აფხაზეთობა საქართველოში 2014 წლის 23 მაისიდან აღინიშნება. ეს დღე უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ დააწესა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge