ნამახვანი ჩვენი სტრატეგიული პროექტია და მასთან ერთად დაახლოებით 80 პროექტია შეჩერებული

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ნამახვანჰესის” მშენებლობასთან ერთად, პროექტების, დაახლოებით, 80%-ია შეჩერებული. ამის შესახებ “რუსთავი 2”-თან, “დღის კურიერის” ეთერში ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით,  მხოლოდ “ნამახვანჰესი” ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

“მხოლოდ “ნამახვანჰესი” ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, თუმცა ნამახვანი ჩვენი სტრატეგიული პროექტია და მასთან ერთად, სამწუხაროდ უამრავი პროექტია გაჩერებული – დაახლოებით, 80 პროექტია შეჩერებული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით, 4 მილიარდი ინვესტიციის ჩადებაა შეჩერებული.

დღეს, ჩვენი ქვეყანა საკუთარ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. 2010 წლიდან 7-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი,” – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია “ენკასთან” არის საჯარო.

“ყველა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია “ენკასთან” არის საჯარო, ჩვენს ვებგვერდზეც და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეც ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ჩვენ გვქონდა პრობლემა კომუნიკაციის, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული და თითქოს რამეს ვმალავდით… სამწუხაროდ, ვერ დავანახეთ მოსახლეობას, რომ ჰესებს მოაქვთ სიკეთე და ეს არ არის სიკეთე მხოლოდ კონკრეტული ინვესტორისთვის. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის”-  განაცხადა გიორგი ჩიქოვანი.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge