ხევსურული საგა, ანუ „ინსტრუქცია მომავლისთვის“ – ექსპერიმენტული მოდელი, რომელიც ბაღათერ არაბულმა ლექს-ანდრეზების სახით შემოგვთავაზა

ავტორი ნუცა ხომერიკი
ბაღათერ არაბული

„ქისტების მარბიელმა ამღა და ჭიმღა დაანგრია, ვინც ხელში ჩაუვარდათ, ყველა ამოწყვიტეს, შემთხვევით გადარჩენილმა ძილუამ, ხირჩლას ცოლმა, რომელსაც ოჯახიდან სამი კაცი მოუკლეს, თავისი ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი გადაუყვანა ქისტებს – ესღა დაგრჩათ მოსაკლავი და აჰა, რაც გინდათ, ის უყავითო. ქისტებმა ყმაწვილი დაიტოვეს. ოცი წლის შემდეგ დაუბრუნეს ხევსურ დედას შვილი ქისტი ცოლით, სამი ვაჟითა და ცხვარ-ძროხით… დაუძინებელი მოსისხლეები მძახლები გახდნენ“

ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ქალაქებს მიღმა არსებულ წარსულს და აწმყოს აერთიანებს, ერთი კუთხის მაგალითზე ერთ წიგნად შეიკრა. ბაღათერ არაბულის მეხსიერებაში დალექილი მოგონებები დღევანდელ რეალობაში ალაპარაკდა – დაგროვილმა ტკივილმა გამოსავალი მოძებნა და ისტორიის დაწერა გადაწყვიტა. სათქმელი ლამაზად შეიფუთა, კუთხური დიალექტი მოირგო, ლექს-ანდრეზებად შეიკრა და ხევსურულ საგად იქცა.

ბაღათერ არაბული: „ის, რაც აღვწერე, ყველა კუთხეში ხდება, მაგრამ…  მე  ჩემი კუთხის ისტორია გიამბეთ, ჩემი კუთხის გმირები გაგაცანით… ეს ყველაფერი კი, შეიძლება,  მთელ საქართველოზე განვაზოგადოთ“

ინსტრუქცია მომავლისთვის – ასე შეაფასა კრიტიკოსმა, ლიტერატურისმცოდნემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ივანე ამირხანაშვილმა ბაღათერ არაბულის ერთ-ერთი ლექს-ანდრეზი, რომლის მოკლე შინაარსიც კრებულის წინათქმაშივე გადმოგვცა და რომელიც ჩვენ, ჩვენი მხრივ, პუბლიკაციის შესავლად გამოვიყენეთ.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზნეობა პოეტურობით აღწევს თავის სიმაღლეს, სრულყოფილებას.

ბაღათერ არაბულმა გააცოცხლა ამბავი, როგორც ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის, როგორც ფსიქოლოგიური არქეტიპების აღდგენის საშუალება, როგორც ინსტრუქცია მომავლისთვის“…

„ამბავი მეტყველებს გაცილებით მეტს, ვიდრე შეგონება“  – აღნიშნა ამირხანაშვილმა.

თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი: ამ წიგნში მხოლოდ პოეზია არაა. ეს არის ტრადიციებისა და ერთგულების საოცარი თაყვანისცემა. ბაღათერ არაბული სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა მილიონი პოეტისგან. ის ჩვენს ხანას, მათ შორის წარმართულსაც იმდენად მოეფერა, რომ პოეზიად აქცია.

ეს არის ტრაგიზმი აყვანილი მაღალი ხელოვნების დონეზე. ხელოვნებას კი გლოვა არ უხდება,  კაცმა არ იცის, რა ემოციას გამოიწვევს ის,  გაგაცინებს, თუ აგატირებს…  პოეზია ის ერთადერთი ფენომენია, რომელსაც უნდა ენდო და იწამო.

ხევსურული ამბებით ბაღათერმა თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ და თან საოცრად ლამაზად თქვა. ეს უნდა გვიხაროდეს ქართველ პოეტებს, მწერლებს. ჩვენ ერთმანეთს სათქმელს ვერ წავართმევთ, ჩვენ ჩვენი სათქმელი გვაქვს. მიხარია, რომ ბაღათერმა სათქმელის გადმოცემა  სწორედ ამ ფორმით შეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ პოეტი ფორმაშია, რომ ის არ დაბერებულა და რომ  ბაღათერი ბაღათერობს ისევ.

ცოტა რამ ბაღათერ არაბულის შესახებ

დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ მაწმაოში. დაამთავრა ბარისახოს სკოლა-ინტერნატი, 1973 წელს კი – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად, ჟურნალ „ცისკართან“ არსებული შემოქმედებითი ახალგაზრდობის გაერთიანების ხელმძღვანელად. 1985 წლიდან იყო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორი და ჟურნალს „ცისკრის“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მწერალთა გაერთიანების ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის „საქლიტფონდის“ თავმჯდომარის მოადგილე. ამჟამად მუშაობს ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორად და საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარედ.

ბაღათერ არაბულის ლექსები პირველად  ჟურნალ „ცისკარში“, „ჭაშნიკის“ რუბრიკით გამოქვეყნდა, ხოლო პირველი პოეტური კრებული 1977 წელს დაიბეჭდა; გამოცემული აქვს ლექსების, თარგმანების პუბლიცისტური წერილების 13 წიგნი. მისი ლექსები თარგმნილია ესპანურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, ბულგარულ, სომხურ, უნგრულ ენებზე. დაბეჭდილია სხვადასხვა ანთოლოგიებში, არის არაერთი საერთაშორისო პოეტური ფესტივალის და სემინარის მონაწილე, არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

წარმატებულმა პოეტმა ამჯერად ექსპერიმენტული მოდელი შემოგვთავაზა, რომელიც, ივანე ამირხანაშვილის შეფასებით, არა მარტო მის შემოქმედებაში, არამედ თანამედროვე ქართულ პოეტურ პრაქტიკაშიც სიახლეს წარმოადგენს.

„ბაღათერ არაბული იღებს ხევსურულ ფაბულას, ალაგებს მას სიუჟეტურ სტრუქტურად, უნარჩუნებს ენობრივ კოლორიტს და გამოკვეთს ეთიკურ მრწამსს. კუთხური კილო სათქმელს ამძაფრებს და ლექსს არტეფაქტის სტატუსს უმტკიცებს“ – აღნიშნავს ამირხანაშვილი.

ბაღათერ არაბული:  ეს არის მითების, ლეგენდების, ტრადიციების, კუთხური ადათ-წესების, დიალექტის, ანდრეზული გადმოცემების შეჯამება, რომელიც ხევსურეთში არსებობდა და რომელზეც იზრდებოდნენ თაობები. ახლა ეს ყველაფერი იკარგება, ფაქტობრივად, დაკარგულიც არის. მე მოვესწარი იმ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც ძველ ისტორიასთან და ძველ ხევსურეთთან იყვნენ დაკავშირებულები, იმის მერე გაწყდა ურთიერთობები. ეს ყველაფერი ახალმა თაობამ, ფაქტობრივად, არ იცის.

„ხევსურული საგა“ – ეს არის ლექსების ციკლი, რომელსაც „ხევსურეთს ამბად ნათქვამი“ ისტორიები ავსებს.  ეს ჩემში, ჩემს მეხსიერებაში იყო ჩარჩენილი. ვეცადე,  ის დიალექტი, ის ქსოვილი აღმედგინა და შენემარჩუნებინა, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა. ამას სხვა ფორმას ვერ მოვუძებნიდი. მთავარი იყო ის, რაც  ხევსურებს და ქისტებს გადახდათ, მათი ურთიერთობები,  პიროვნებები, რომლებიც ხანდახან არაორდინალურადაც იქცეოდნენ,  სასწაულებს სჩადიოდნენ. ეს იყო სამაგალითო ქმედება ერის გადარჩენისთვის, რადგან იმ კუთხიდან, ხევსურეთიდან გამომდინარე, ისინი ქვეცნობიერად ფიქრობდნენ საქართველოს, ქვეყნის გადარჩენაზეც.

ჩემი წიგნით სწორედ ამ გმირების, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების და ზოგადად, ისტორიის გადარჩენას ვცდილობ. ეს ამბები მე მოვისმინე, მე მახსოვდა, ჩემს შემდეგ კი, შეიძლებოდა,  არც არავის გახსენებოდა. ამიტომ შეძლებისდაგვარად ამოვიღე მეხსიერებიდან ყველაფერი, რაც კი ოდესმე გამიგონია და ლექსებში მოვაქციე. ესა ლექს-ნოველებია, ლექს-ანდრეზებია… მე იმ რეალური ადამიანების ამბები გიამბეთ, რომლებმაც ხევსურეთის ისტორია შექმნეს. ყველა კუთხეში არსებობდნენ ასეთი გმირები: რაჭაშიც, ფშავშიც, სვანეთშიც და ა.შ. მაგრამ მე ჩემი კუთხის ამბავი გადმოგეცით. ეს გმირები მომავალ თაობებს უნდა შემოვუნახოთ. ეს იქნება მთელი ერის გადარჩენა. თუ ჩვენ არ გვექნება მაგალითი იმის, ვისითაც უნდა ვიარსებოთ და ვიცხოვროთ, ვერ გადავრჩებით. ჩვენ ჩვენს წინაპრებზე,  მათ ზნეობრივ ქმედებებზე და ა.შ.  ვდგავართ.

გული მწყდება, რომ ოდესღაც სიცოცხლით სავსე სოფლები, მაღალმთიანი რეგიონები დღეს დაცარიელებულია, შეიძლება ითქვას, რომ სასაფლაოებად არის ქცეული. ეს ვითარება შესაცვლელია. ქვეყანამ სოფლადაც უნდა იხაროს და ქალაქადაც. ჩვენ ჩვენი კუთხეები უნდა შევინარჩუნოთ მათი ისტორიით, დიალექტით, კულტურით და ა.შ.

სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, როდესაც გონებაში ჩარჩენილი ამბების  ფურცელზე გადატანა გადავწყვიტე და ლექსად ვაქციე. ესაა არამატერიალური, სულიერი განძი, კულტურული ღირებულება. ვინ როგორ მოქმედებდა, რას უნერგავდა შთამომავლობას, როგორ ცხოვრობდა.

თითოეული ის გმირი, რომლის ისტორიაც ლექსად მოგაწოდეთ,  კულტურული ძეგლია.

-ვფიქრობ, რომ თქვენ წიგნს პოლიტიკური დატვირთვაც მიეცით, უბრალოდ, არ შეფუთეთ პოლიტიკურად…

– შეძლება ასეც ითქვას, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ამბები სამაგალითო უნდა გავხადოთ ზნეობრივი ქმედებებისთვის, ურთიერთობებისთვის, ღირებულებებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ყველა ქართველმა უნდა დაიცვას. დღეს მასმედიაში ამაზე აღარ ლაპარაკობენ, ხშირად არ კეთდება აქცენტი თუნდაც იმაზე, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, არც იმაზე, რომ საფლავებია სოფლებში დარჩენილი მხოლოდ. ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია.

პრობლემამ, რომელმაც მწერალი შეაწუხა, მასმედიის ყურადღება ვერც ახლა მიიპყრო. სკანდალური განაცხადების გარეშე გადმოცემულმა ამბებმა და  ექსცესების გარეშე ჩავლილმა პრეზენტაციამ  ვერც ტელეკამერების ობიექტივში მოხვედრა მოახერხა   და ვერც პრესის ინტერესის გაღვიძება შეძლო.  

ბაღათერ არაბული:  დღევანდელი ტელევიზიების უმრავლესობა მოწოდებულია იმისთვის, რომ რაიმე სკანდალური გადასცენ ეთერში და მაყურებელი დაზაფრონ. ეს ჩვენი ერის უბედურებაა. პოზიტივის ჩვენების ნაცვლად, რომელიც, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ხდება ქვეყანაში, ისეთ ამბებზე არიან ჩასაფრებულები, როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ხულიგნობა და ა.შ. ჩვენ ყველა ღონისძიების შესახებ ვუგზავნით ინფორმაციას მასმედიას, მაგრამ არავინ მოდის. ახლაც იგივე განმეორდა.  როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ აქ სკანდალური არაფერი მოხდებოდა, ყველაფერი აკადემიურად ჩაივლიდა და ამიტომ არ დაინტერესდნენ. აქ რომ ჩხუბი ამტყდარიყო, გაწევ-გამოწევა ყოფილიყო,  5 წუთში გაჩნდებოდა ყველა.

– ხანდახან ამ ჩხუბის და გაწევ-გამოწევის პროვოცირებაც არის საჭირო, მაშინვე აქ გავჩნდებით ჩვენც, უნდა გვაიძულოთ, რაიმე ღირებულიც მოვისმინოთ, წარსულიც დავაფასოთ და აწმყოზეც დავფიქრდეთ…

– ალბათ, მართალი ხართ…  ჩვენ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას არ ვცდილობთ. აუცილებელია მოხდეს მწერლების, ჟურნალისტების – პრესის, ტელევიზიის და ზოგადად, მთლიანი საზოგადოების კონსოლიდაცია.  ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ნებისმიერი ქმედების დაგეგმვის და განხორციელების დროს, გვახსოვდეს საქართველო, გვახსოვდეს  ჩვენი წარსული და ვიზრუნოთ მომავალზეც.

წყარო: sazogadoeba.ge

2016 წ. 

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge