„დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ ყრილობაზე გაერთიანების თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ისეთი გუნდი სჭირდება, რომელსაც სიმართლისთვის თვალის გასწორება შეეძლება.
„საქართველოს სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია და შესწევს უნარი, სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს სამართლიანი წესრიგი…
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში მაშინ, როდესაც შეიძლება, ვიღაცას ეგონოს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ ძალებს შორის კინკლაობა, ჩხუბი რაიმე პროგრესის მომტანია ქვეყნისთვის. სინამდვილეში, კარგ შემთხვევაში – ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში – ქვეყანა იხევს უკან.“- განაცხადა გახარიამ.
მისივე განმარტებით, მიზნის მისაღწევად ბევრია საშრომი და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ და ვერავინ გააკეთებს. უნდა გვესმოდეს, რომ მიზნების მისაღწევად გვექნება ბევრი საშრომი და გვექნება მძიმე გადაწყვეტილებები მისაღები. ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ხაზგასმით, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ვერთიანდებით იმისთვის, რომ მოქალაქეებთან ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.“-აღნიშნა გახარიამ.