მოძრაობა „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიას სახელის მოპარვაში ადანაშაულებს. მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ხუსკივაძის თქმით, „ექსპო ჯორჯიას“
ტერიტორიაზე გიორგი გახარიასთვის სამი კითხვის დასასმელად შევიდა, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა მას ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
„არანაირი აყალმაყალის ატეხვას არ ვაპირებდი, მშვიდობიანად შევედი შიდა ტერიტორიაზე, რათა გიორგი გახარიასთვის დამესვა სამი კითხვა:
- იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ია კერძაიას მკვლელობაზე
- იღებს თუ არა პასუხისმგებლობას 20 ივნისსა და გავრილოვის ღამეზე
- და რატომ მოიპარა ჩვენი ორგანიზაციის სახელი და რატომ დაარქვა თავის პარტიას.
ამ სამი კითხვის დასმა მინდოდა კონსტრუქციულ რეჟიმში. სანაცვლოდ მივიღე მისი დაცვის სამსახურისგან და უსაფრთხოების სამსახურისგან ძალადობა. ცემა-ტყებით გამოგვიყვანეს გარეთ, ამის შემდეგ ძალადობა იყო ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტზე – ბექა პაპაშვილზე. ამით განვსხვავდებით ჩვენ ერთმანეთისგან – ისინი არიან მოძალადე, კრიმინალი ადამიანები, ჩვენ ვართ მოწესრიგებული, პროგრესულად მოაზროვნე პირები… და ამათ თუ ჰგონიათ, რომ ცემა-ტყეპით, ძალადობით, ხელების გადაგრეხვით შეგვაშინებენ, ძალიან ცდებიან, ამ გზას დიდი ხანია შეგუებულები ვართ. ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის და არავითარ შემთხვევაში არ შევუშინდებით ავადმყოფ, მოძალადე ადამიანებს.“ – განაცხადა ხუსკივაძემ.
ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიაში“ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია იმართება.