“აუცილებლად შევიყვანთ შიგნით, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე” – ამ კომენტარით გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში სახალხო დამცველის ნინოწმინდის პანსიონში შესვლის საკითხს.
მისი თქმით, ომბუდსმენს შესთავაზებენ ჯერ ერთად, კამერების გარეშე შევიდნენ პანსიონში, შემდეგ კი მედიასთან ერთად.
“ომბუდსმენი და ომბუდსმენის აპარატი ორი განსხვავებული რამ არის. რაც შეეხება თვითონ ომბუდსმენს, ჩამობრძანდეს, შევხვდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ რაღაც წესებზე და შემდეგ შევიდეთ ერთად. ჯერ შევიდეთ ისე, კამერების გარეშე, მერე გამობრძანდეს ომბუდსმენი, თვითონ მოითხოვოს ეს კამერები და შევიდეთ კამერებთან ერთად. ეს არის შემოთავაზება. აუცილებლად შევიყვანთ შიგნით, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. წინასწარ უნდა გავიაროთ ომბუდსმენთან, როგორ მოხდება, რა შეკითხვებს დაუსვამს [ბავშვებს]” – განაცხადა მეუფემ.
კითხვაზე – რატომ უნდა შეუთანხმოს მათ ომბუდსმენმა, თუ რა კითხვებს დაუსვამს პანსიონის ბენეფიციარებს, მეუფემ ასე უპასუხა: “იმიტომ რომ მის მიმართ არის ეჭვი, რომ ამორალურ შეკითხვებს უსვამს ბავშვებს”.