საქართველოში სიარულის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” ახალი ფედერაციის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა დაწერა.
ბოქოლიშვილი აცხადებს, რომ მის გუნდს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით, რაც არის გარანტია, რომ ეს სპორტი საქართველოში მალე პოპულარული გახდება.
ზურაბ ბოქოლიშვილი: ,,რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა “საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაცია”. (კი წავა ხუმრობები, საჩვენო სპორტია, ჩვენები ისედაც დადიან და მსგავსი ??), მაგრამ სერიოზულად ეს არის 2011 წელს ინგლისში შექმნილი ფეხბურთის ვერსია, რომლის უპირველესი მიზანია ასაკში შესული მოსახლეობის ფიზიკური სიჯანსაღის გაუმჯობესება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, თითქმის არ არსებობს პროგრამა ან რაიმე ზოგადი კონცეფციაც კი, რომელიც იზრუნებდა ასაკოვანი მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობაზე. არადა პრობლემა უმწვავესია, კოლოსალურად იზრდება საბიუჯეტო ხარჯები საყოველთაო დაზღვევის ხარჯზე, რომლის შემცირებაც მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების გზითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ასევე სოციალიზაციის ფაქტორი, ემოციური, როდესაც ისევ იმ აზარტს განიცდი რაც ახალგაზრდობაში გქონდა!
ჩვენი გუნდის ძალიან დიდი გამოცდილება სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით, არის გარანტი რომ შევძლებთ ძალიან მოკლე დროში პოპულარული გავხადოთ სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა. რა თქმა უნდა გვექნება მჭიდრო კოოპერაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ვწევრიანდებით “სიარულით ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციაში” და ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ!!”