რომან დოლიძე: ,,მე არასოდეს ვირჩევ მეტოქეს, ვისაც UFC შემომთავაზებს, მზად ვარ ვებრძოლო”

ავტორი კახა მიხანაშვილი

UFC-ის მებრძოლმა რომან დოლიძემ კარიერაში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

არგენტინელ ლაურეანო
სტაროპოლისთან გამარჯვების შემდეგ დოლიძემ ინტერვიუ საქართცელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველ არხს” მისცა, სადაც მან განვლილ ბრძოლაზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

იხილეთ ინტერვიუ რონელიც 1tv.ge-ზე გამოქვეყნდა:

– UFC-ში ეს იყო შენთვის რიგით მესამე მოგებული ბრძოლა. დაპირისპირების შესახებ რომ გვითხრა. თავიდანვე ასეთი ტაქტიკით გეგმავდი ბრძოლის წარმართვას?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ბრძოლა ჩემი გამარჯვებით დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, მე გამაჩნია გარკვეული გეგმები, რომლის მიხედვითაც შემდგომ ბრძოლის ტაქტიტას ვაწყობ. შესაძლოა, ოდნავ ფრთხილიც ვიყავი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიცოდი ჩემი ოპონენტის სუსტი და ძლიერი მხარეები. როგორც კი მივხვდი, რომ გდებებითა და კონტროლით მარტივად მივაღწევდი მიზანს, გეგმას აღარ გადავუხვიე და როგორც ხედავთ, გაამართლა კიდეც. დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

-გამარჯვების მიუხედავად, სოციალურ ქსელებში ბევრმა გულშემატკივარმა გამოხატა უკმაყოფილება იმ სტილის მიმართ, რომლითაც შენ იბრძოლე. რას ეტყოდი ამ ქომაგებს?

– რა თქმა უნდა, ზოგს შეიძლება არ მოეწონა და თავისებურად შეაფასა ეს ბრძოლა. ყველა დაპირისპირებას ნოკაუტით ვერ მოვიგებ, მაგრამ ხალხს არ უნდა დაავიწყდეს, რომ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ნოკაუტით გავიმარჯვე და კარიერის ბრძოლების უმეტესობა ასევე ნაადრევად, ან ნოკაუტით, ან „საბმიშენით“ (მტკივნეული ილეთით) მოვიგე. რა თქმა უნდა, მსურს, რომ ყველა გულშემატკივარი გავახარო. ვინმეს თუ ჩემი გამოსვლით ვაწყენინე, ვეტყოდი, რომ საკუთარ თავში ჩაიხედონ.

-ჯაელსთან მარცხის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და შენ ეს შეძელი. თანაც ისე, რომ ტრავმა არ მიგიღია. როდის გსურს ოქტაგონზე დაბრუნება და მომდევნო ბრძოლის ჩატარება?

– მე როგორც ყოველთვის მუდმივ მზადყოფნაში ვარ და ვარჯიშებს არ ვწყვეტ. მეტოქეს მე არასოდეს ვირჩევ. ვისაც UFC შემომთავაზებს, მზად ვარ ვებრძოლო. არავისთან დაპირისპირებაზე უარს არ ვამბობ. ახლა ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვე დავისვენებ და შემდგომ დავუბრუნდები ვარჯიშებს.

– როგორია შენი გეგმები? ლას ვეგასში აპირებ დარჩენას თუ საქართველოში დაბრუნდები?

– რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში მე დავბრუნდები ჩემს მშობლიურ ქვეყანაში. დასვენების პერიოდს სწორედ საქართველოში გავატარებ.

რომან დოლიძემ კარიერაში რიგით მეცხრე გამარჯვება იზეიმა. 32 წლის ქართველი მებრძოლი არგენტინელ ლაურეანო სტაროპოლის დაუპირისპირდა და მეტოქე უპრობლემოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30-27, 30-27 და 30-27) დაამარცხა.

წყარო: 1tv.ge

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge