ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. აღნიშნულზე თანხმობა თავად ბრალდებულმა განაცხადა, ხოლო მეორე დაკავებულმა – გიორგი ბიჩელაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა.
მისი ადვოკატის, უშანგი მგელაძის განცხადებით, ბიჩელაშვილს საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. ბიჩელაშვილის საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება და მოსამართლე განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა, ხოლო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.