კახა კალაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა განაცხადა, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წელიწადში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითქმის ყველა მიმართულებას შეეხება რეფორმა. კერძოდ, კალაძის დაპირებით, დედაქალაქში წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს. ასევე, იგეგმება დამატებით ავტობუსების შემოყვანა და მეტროს ვაგონების განახლებაც.
„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩემი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სწორ ხედვებს განსაზღვრავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და დავიწყეთ არსებული ავტობუსების განახლების პროცესი. გვინდა, რომ მოცდის პერიოდი შვიდ წუთამდე დავიყვანოთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში დამატებით, 180 ერთეული, რვამეტრიანი ავტობუსი შემოვიყვანოთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა და ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ე.წ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა მოწესრიგდება, რათა გადაადგილება უფრო მარტივი გახდეს.
„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა აუცილებლად მოსაწესრიგებელია, რომელიც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება ძალიან მარტივი იყოს; თბილისში იმოძრავებს 380 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 180 ერთეული რვამეტრიანი იქნება, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ, 200 ერთეული, 18-მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ; ქალაქში შეიქმნება ათი სატრანზიტო დერეფანი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს, ძალიან სწრაფ გადაადგილებას, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე; ასევე, მნიშვნელოვანია მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. ყველა ვაგონი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა, განახლებულია. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი 40 ერთეული, ევროპული ტიპის ვაგონის შესყიდვაზე და მიმდინარე თვის ბოლოს, უკვე გამარჯვებული კომპანია გვეცოდინება; სამგზავრო აბონემენტის მიმართულებით მუშაობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ტარიფი, რომლითაც საათნახევრის განმავლობაში, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომის შესაძლებლობა არსებობს; ასევე, გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლებელი იქნება საბაგირო ხაზების მოწყობა; ველობილიკების პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქში 260 კილომეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი გაჩნდება; ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპიც აუცილებლად განხორციელდება, რაც პირველ რიგში, ტაქსის მძღოლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული ბენეფიტები ჰქონდეთ და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.