22 სექტემბრიდან თბილისში დამატებით 20 ავტობუსი და 90 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

22 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება. – ამის შესახებ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯამში დედაქალაქში დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. კალაძის განცხადებითვე, პროექტის საბოლოო მიზანია თბილისში არ დარჩეს ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის.

„ავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა ფაქტობრივად დავასრულეთ. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქში დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება რვამეტრიანი, ხოლო 200 – 18-მეტრიანი, რომელსაც მომავალ წელს შევისყიდით. აღსანიშნავია, რომ 20 ავტობუსი უკვე დედაქალაქშია და 22 სექტემბრიდან ხაზზე გაეშვება. ჩვენ ასევე, მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა დავიწყეთ. ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ არ დავტოვოთ არცერთი ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნული მიკროავტობუსები ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 21 მარშრუტზე იმოძრავებს, რომელთაგან 13 ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა, ხუთი – ახალია, ხოლო სამი მათგანის გზასავალი კორექტირებულია. უფრო ზუსტად, ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა: N403, N406, N407, N417, N418, N422, N435, N451, N473, N490, N493, N516, N529; ახალი მარშრუტებია – N412, N427, N433, N468, N478; ხოლო დაკორექტირდა – N409, N410, N411. რაც შეეხება ავტობუსებს, ისინი ხუთ მარშრუტზე განაწილდება. კერძოდ, N101, N102, N60, N42, N7. ავტობუსები მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge