„ამ მოედნიდან მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მინდა ვისურვო, ის მალე ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს, – ამ სიტყვებით მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაა საჭირო.
„მივესალმები გამოღვიძებულ საქართველოს! მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ ერთად. მიხარია, რომ დღეს ვხედავ რწმენით, სიყვარულითა და გამარჯვების იმედით გაერთიანებულ საქართველოს. ამ მოედნიდან მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მინდა ვისურვო ის მალე, ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს. დღეს საქართველოში სამწუხარო რეალობაა. ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხის ერთმანეთზე გადამტერების და ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიულ საქართველოს შემქმნელს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ჩვენს მტერს ხელებიდან გამოვტაცეთ ჩვენი სამშობლო და ახლაც იგივე რამ გვაქვს გასაკეთებელი. ახლა კი მეგობრებო არ დაგვავიწყდეს რომ ძალა ერთობაშია. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველა ოპოზიცური პარტია. გავერთიანდეთ ერი და ბერი ამ დიდი გამარჯვებისთვის. ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.