საქართველოში სომელიესა და ღვინის სკოლა გაიხსნა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტში „ხეცურიანის სომელიეს სკოლა/კავკასიის უნივერსიტეტი” პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

​საქართველოში სომელიესა და ღვინის სკოლა გაიხსნა. სკოლა ახალ სასერტიფიკატო პროექტს – “სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა” განახორციელებს, რომლის მიზანი მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა. 5 თვიანი პროგრამის მიხედვით, სასწავლო კურსი ვენახის შერჩევიდან დაიწყება, გაივლის ყველა ეტაპს ღვინის ბოთლში ჩასხმის ჩათვლით. კურსდამთავრებულები სერთიფიკატებსა და სომელიეს სტატუსს მიიღებენ.

ხეცურიანის სომელიეს სკოლა/კავკასიის უნივერსიტეტი” – ასე ერქვა პრეზენტაციას, რომელიც სკოლის გახსნის თაობაზე კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი დაესწრო. მისი თქმით, ღვინის ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დარგია, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის არსებობა აუცილებელია.

“ტურიზმის ინდუსტრიაში, როდესაც პროდუქტის ფორმირებაზეა საუბარი მომსახურების მაღალ ხარისხს და ევროპულ სტანდარტებს განაპირობებს განათლება. დღეს, როდესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ღვინის ტურიზმი ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტია, ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული იყოს ხედვა, ერთიანი მიდგომა, თუ როგორ ვუკეთებთ ამ ტურისტულ პროდუქტს პოზიციონირებას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

სომელიეთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის შალვა ხეცურიანის თქმით, აღნიშნული სკოლა მეღვინეობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

”კავკასიის უნივერსიტეტი და მარინა ხეცურიანი აერთიანებენ ძალებს ხეცურიანის სომელიეს ღვინის სკოლის ფარგლებში და მიმდინარე პროგრამებთან ერთად ჩვენ აკადემიურ პროგრამებსაც ვგეგმავთ, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ მეღვინეობა, ჩვენი მოწინავე დარგი კიდევ უფრო განვითარდეს.“- აცხადებს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი.

You may also like

Leave a Comment