პარტიებმა “ლელო – საქართველოსთვის” და “დროამ” კოალიცია შექმნეს. შესაბამისს დოკუმენტს ხელი მამუკა ხაზარაძემა და ელენე ხოშტარიამ მოაწერეს.
საერთო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კოალიციის შექმნის მიზეზი საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დასასრულია. მისივე თქმით, ყველა პლატფორმა პროგრესულად, დასავლურად მოაზროვნე ადამიანებს გააერთიანებს.
“ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია 30 -წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობიდან, გაჩერებული ეკონომიკიდან, უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა გარღვევა და ყველა ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ფიქრობს პროდასავლურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად. ჩვენ შევიკრიბეთ “დროა” და “ლელო”, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც უნდა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და პარტიას არ ჰქონდეს ფუფუნება გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს საქართველომ” – განაცხადა ხაზარაძემ.
ელენე ხოშტარიას თქმით, დასავლური ქვეყნის აშენების გზა კოალიციურ მმართველობაზე გადის.
“ამ მომენტში ჩვენ, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მოქალაქეებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა- კარგად დაფიქრება, თუ რა გადაარჩენს ამ ქვეყანას, რა გააჩენს რწმენას იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უნარი, ავაშენოთ ერთიანი ეროვნული თანხმობით პროდასავლური ცივილიზებული სახელმწიფო” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.