“2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალა” – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” არის ხელისფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
“მოგესალმებით ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო მეგობრებო! მივესალმები ჩვენს ღირსეულ, ამაყ, თავისუფლებისმოყვარე და დაუმარცხებელ ქართველ ხალხს!
დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი იცხოვროს სამართლიან, თავისუფალ, დემოკრატიულ, მშვიდობიან და მტკიცე სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.
2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით. პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე. სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.