დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.
“საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.
ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები – კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული” – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.