“ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანზე გარკეული დარღვევები დაფიქსირდა” – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კერძოდ, იყო კარუსელის დატრიალების მცდელობა, მოსყიდვისა და ფულის დარიგების ფაქტები.
“მე-7 საარჩევნო უბანზე იყო კარუსელის მცდელობა, ანუ მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს და ამის შემდეგ ამ ადამიანმა დატოვა უბანი. მე-40 უბანზე, უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან იყო ფულის დარიგების ფაქტი. ჩვენ ვიდეოც გვაქვს, რაც რეალურად ხდება პრაქტიკულად ბევრგან და ჩვენ ვიდეო მტკიცებულებებს წარმოვუდგენთ ძალიან მალე ჟურნალისტებს”,- განაცხადა დეკანოიძემ.
ასევე დეკანოძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე აგიტაცაციას ეწევიან.
“51-ე დას 101-ე საარჩევნო უბანზე გვერდით ოთახში არიან ქართული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოქალაქეების აღრიცხვას. ეს ფაქტიც გადაღებულია. ჩვენი დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ, ამ ადამიანებმა დატოვეს უბნები, მაგრამ ვაფრთხილებ ყველა კომისიის წევრს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ოცნების კოორდინატორების და წარმომადგენლების უბანზე მოძრაობა და აგიტაცია”,-ამბობს დეკანოიძე.
დეკანოიძის თქმით, მათი პარტიის დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე პრობლემები შეექმნათ.
“ქუთაისში, ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები. ძალიან ბევრ დამკვირვებელს არ უშვებენ, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებას, რაც რეალურად არის ის სქემა, რომელსაც ქართული ოცნება გაყალბებისთვის იყენებს. ანუ, რეგისტრატორების მაგიდების უკან, სადაც დამკვირვებლებს აქვთ იმის უფლება, რომ დადგნენ და დააკვირდნენ პროცესს”, – აღნიშნავს დეკანოიძე.