“ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას: მოეშვას წინასწარ მანიპულირებული განწყობის შექმნას. გავაგრძელოთ უბნებზე ბრძოლა” – ამის შესახებ კოალიციური ოპოზიციის ლიდერების მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას განწყობა, თითქოს ოპოზიციის კანდიდატები დამარცხდნენ. ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია იბრძოლებს თითოეული ხმისთვის.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკია 1-2-3%-იან უპირატესობაზე, რაც, მთლიანობაში, მეტყველებს ქართული ოცნების აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე. ისინი თავისივე ტყუილებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს: ღამე ამ რიცხვების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს: გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და კიდევ ერთხელ მიიტაცონ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა – სამართლებრივი და სხვადასხვა გზით” – განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სიტუაციის არევას ცდილობენ.
“გლდანში, სადაც გვაქვს დიდი უპირატესობა, ცდილობენ სიტუაციის არევას. ასევეა სხვადასხვა ქალაქში. აბსურდულია იმაზე ლაპარაკი, რომ ქართულმა ოცნებამ ზუგდიდი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქი მოიგო. ჩვენ არ ვაპირებით ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.