“მან უდიდესი საქმე გააკეთა, მისი ჩამოსვლა იყო ბრწყინვალე, მასშტაბური პოლიტიკური აქტი.”- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “კანონისა და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან, მიხეულ სააკაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტდა, ეს ბრძოლას ძალიან წაადგებოდა.
“შემდეგ სტრატეგიაზე მინდა ვესაუბრო. როგორც ლიდერმა, თავად იცის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ახლა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ერთად უნდა ვიყოთ ყველა. ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას.
პირველად მივცემ ჩემს თავს ამის თქმის უფლებას, რადგან ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ დღეს ის ცოცხალი სჭირდება ქვეყანას“, – აღნიშნა ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.