„სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტების შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღებას ურჩევს

by oninfo.ge
0 comment

„სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, არსებულ ვითარებაზე საზოგადოების ყველა ჯგუფია პასუხისმგებელი.

„დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი – სახელმწიფოს პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა.

პასუხისმგებლობა ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად.

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სიტუაციის განმუხტვისთვის მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.

“მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული – სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

მივმართავ მედიას, რათა გადაცემები გახშირდეს ამ მიმართულებით. მოვუწოდებ სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს – თავშეკავებისკენ.

კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.

სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას – ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

You may also like

Leave a Comment