“სასპენსის დიდოსტატი” –  რატომ ეშინოდა ჰიჩკოკს პოლიციელების

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
ალფრედ ჰიჩკოკი

ალფრედ ჰიჩკოკი, ცნობილი როგორც “სასპენსის” დიდოსტატი; ინგლისელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი; 60 წლიანი კარიერის განმავლობაში გადაიღო 50-ზე მეტი ფილმი. მისი შემოქმედების ძირითადი ხაზია ტრილერი, რომელიც ზოგ შემთხვევაში შერწყმულია მელოდრამასთან, თუმცა გადაღებული აქვს კომედიაც. ჰიჩკოკი 6-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე – 5-ჯერ როგორც საუკეთესო რეჟისორი, ხოლო ერთხელ – როგორც პროდიუსერი, თუმცა უმაღლესი კინოაკადემიის ჯილდო მას არცერთხელ მიუღია.

ალფრედ ჰიჩკოკი 1899 წლის 13 აგვისტოს, ლონდონის გარეუბან ლეიტონსტოუნში, კათოლიკე ცოლ-ქმრის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლებს, რომლებიც თავს ვაჭრობით ირჩენდნენ, კიდევ ორი შვილი – ქალ-ვაჟი ჰყავდათ, ალფრედი კი უმცროსი გახლდათ.

​როდესაც ალფრედი 6 წლის იყო, მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, მაღაზია იქირავა და თევზითა და ჩიფსით ვაჭრობდა. ალფრედიც სახლთან ახლოს მდებარე პანსიონში დადიოდა, თუმცა მოგვიანებით, 11 წლის ასაკში ალფრედს კიდევ მოუხდა საცხოვრებლის გამოცვლა. ამჯერად ოჯახმა ის კათოლიკურ სკოლაში მიიყვანა, სადაც აღზრდისა და სწავლების მკაცრი მეთოდები იყო. კათოლიკური სკოლის მკაცრმა დისციპლინამ მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც იქონია გავლენა. მოგვიანებით ჰიჩკოკმა თქვა, რომ სწორედ ამ სკოლაში განუვითარდა შიშის გრძნობა.

​თავისი ბავშვობიდან ის ასევე ხშირად იგონებდა ხოლმე 5 წლის ასაკში გადახდენილ ისტორიას, როდესაც მამამ მცირედი დანაშაულის გამო, დასჯის მიზნით, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გაგზავნა წერილით. პოლიციელმა წერილს დახედა და ალფრედს უთხრა: “აი, როგორ ვექცევით ცუდ ბიჭებს” და ის რამდენიმე საათით საკანში გამოკეტა. ჰიჩკოკი იხსენებდა, რომ ამ ისტორიამ მას პოლიციელების მიმართ შიში დაუტოვა, რაც ასევე აისახა მის შემოქმედებაში.

​ჰიჩკოკი კარგად სწავლობდა გეოგრაფიას, დაინტერესებული იყო რუკებით, რკინიგზის, ტრამვაისა და ავტობუსის განრიგით. ეს ინტერესი საკუთარ შემოქმედებაშიც ასახა – მის ბევრ ფილმში შევხვდებით ტრამვაის. ალფრედს თავდაპირველად სურდა, ინჟინერი გამხდარიყო. მან სკოლა მიატოვა და ლონდონის უნივერსიტეტში დაიწყო საღამოს კურსებზე სიარული, მოგვიანებით კი ინჟინერიისა და ნავიგაციის სკოლაში განაგრძო სწავლა. თუმცა შემდგომ ალფრედი ხელოვნებით დაინტერესდა და ლონდონის ხელოვნების აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის კურსებზე შეიტანა საბუთები. ჰიჩკოკი თავისუფალ დროს ხშირად ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, რომელზეც მკვლელობების საქმეებს განიხილავდნენ.

1915 წელს ჰიჩკოკმა დაიწყო მუშაობა როგორც ტექნიკურმა მოსამსახურემ ჰენლის სატელეგრაფო კომპანიაში. ამავე პერიოდში ის ინტერესდება კინომატოგრაფიითაც. როგორც მოგვიანებით თავად განმარტავს, მისი დაინტერესება კინოსადმი გამოიწვია ჩარლი ჩაპლინისა და ბასტერ კიტონის შემოქმედების გაცნობამ.

ჯამში ალფრედ ჰიჩკოკმა ​ სხვადასხვა პოზიციაზე 18 მუნჯ კინოზე იმუშავა; ხმოვანი კინოს დამკვიდრებამ ბევრი რეჟისორის კარიერა დაასრულა, თუმცა ჰიჩკოკს ეს არ შეხებია.  პირიქით, ახალ ტალღაზე მოგცევამ მისი პროფესიული გზა კიდევ უფრო წარმატებული გახადა. ჰიჩკოკმა ფილმი  “შანტაჟი”, რომელიც თავდაპირველად მუნჯ ფილმად იყო ჩაფიქრებული, ხმოვანი გახადა. აღსანიშნავია, რომ “შანტაჟი” არა მარტო ჰიჩკოკისთვის იყო პირველი ხმოვანი ფილმი, არამედ მთლიანად ინგლისური კინემატოგრაფიისთვის. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად, რომლის წყალობითაც ჰიჩკოკმა საკუთარი სტუდია დაარსა და საკუთარი თავის გარეკლამებასაც მიჰყო ხელი.

1926 წლის დეკემბერში ჰიჩკოკი დაქორწინდა ალმა რევილზე, რომელმაც კათოლიციზმი მიიღო. 1928 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი – პატრისია. ალმა სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჰიჩკოკთან ერთად და იყო მისი მრჩეველი.

საკუთარი კინოსტუდიისა და არაერთი წარმატებული კონტრაქტის წყალობით ჰიჩკოკმა რამდენიმე წარმატებული ფილმი გადაიღო და მალე მისი სახელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

რეჟისორის სახელის დიდებამ ჰოლივუდამდეც მიაღწია. ბრიტანულ კინოში მისი შემოქმედების მწვერვალი იყო ფილმი “ქალი უჩინარდება”, რომლის გამოსვლის შემდეგაც ჰიჩკოკმა მალევე – 1939 წელს, ამერიკულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და საცხოვრებლად ოკიანისგაღმა, ჰოლივუდში, გადავიდა.

სწორედ აშშ-ში გადასვლით იწყება ჰიჩკოკის, როგორც “სასპენსის დიდოსტატის” ჩამოყალიბება. სასპენსი ეწოდება ჰიჩკოკის მიერ გამოყენებულ დაძაბულობის შექმნის განსხვავებულ საშუალებებს – მაყურებელმა იცის იმ გარემოებების შესახებ, რომელთა შესახებაც არ იციან ფილმის პერსონაჟებმა. მაყურებელი აკვირდება მოვლენების განვითარებას, ღელავს პერსონაჟებთან ერთად, ცდილობს მათ დახმარებას, მაგრამ არ შეუძლია. ჰიჩკოკი ხშირად ქმნიდა სასპენსის სიტუაციას, რათა მოულოდნელობის ეფექტით მაყურებელი შოკში ჩაეგდო. ამის კლასიკური მაგალითია ჰიჩკოკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი “ფსიქო”. ამ ფილმის გავლენა იმდენად დიდია, რომ ჰიჩკოკს ხშირად საშინელებათა ფილმების რეჟისორად მოიხსენებენ, თუმცა რეალურად “ფსიქო” ჰიჩკოკის შემოქმედებაში ამ ჟანრის ერთადერთი ფილმია. “ფსიქო” გადაღებული იყო სატელევიზიო ტექნიკითა და მცირე ბიუჯეტით, რადგანაც მსხვილმა სტუდიებმა უარი განაცხადეს ასეთი ფილმის დაფინანსებაზე. შხაპის სცენა, რომელსაც ერთი კვირა იღებდნენ, მიეკუთვნება დღემდე ყველაზე ხშირად გაანალიზებულ სცენას. ფილმმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და რეჟისორს დიდი კომერციული წარმატებაც მოუტანა. “ფსიქომ” ჰიჩკოკი მილიონერი გახადა, რის შემდეგაც თავად გახდა თავისი ფილმების პროდიუსერი.

სამ წელიწადში ჰიჩკოკმა კიდევ ერთი კომერციულად მომგებიანი ფილმი – “ჩიტები” გადაიღო. ფილმმა ასევე დიდი შემოსავალი მოიტანა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ბოლო კომერციულად მომგებიანი ფილმი ჰიჩკოკისთვის.

​ბოლო პერიოდში ჰიჩკოკისა და კინოსტუდიების თანამშრომლობა გართულდა. Universal-ი ჰიჩკოკისაგან ითხოვდა თანამედროვეობის შესაბამის თემებს. მისი ბოლო წარმატებული ფილმი იყო “სიგიჟე” – მკაცრი, მწარე და შავი, ბრიტანული იუმორით გადაღებული ფილმი.

​ბოლო ფილმი, რომელზეც ჰიჩკოკმა იმუშავა “ოჯახური შეთქმულება” იყო. ფილმის გადაღებებისას ჰიჩკოკს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას ასევე ხშირად აწუხებდა თავის ტკივილი, რასაც ალკოჰოლით იყუჩებდა. ყოველივე ამან ფილმის გადაღებები გაახანგრძლივა. მხოლოდ სცენარზე მუშაობას ჰიჩკოკმა 2 წელი მოანდომა – ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი თავისი კარიერის განმავლობაში. ფილმი საზოგადოებამ კარგად მიიღო, რამაც ჰიჩკოკს ახალი იდეები გაუჩინა და მალევე ახალ პროექტზეც დაიწყო მუშაობა, თუმცა გადაღებები მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა. მალევე ჰიჩკოკმა სტუდია Universal-ის ტერიტორიაზე საკუთარი ბიურო დახურა.

1980 წლის 3 იანვარს მისი რაინდად კურთხევის ცერემონია ჩატარდა და ის სერ ალფრედ ჯოზეფ ჰიჩკოკი გახდა. დაახლოებით სამ თვეში კი, 29 აპრილს, ალფრედ ჰიჩკოკი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

You may also like

დატოვეთ კომენატრი