აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება – შსს აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

დღეს, 8 ნოემბერს 20:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები  თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. აქციის ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება საპოლიციო დანაყოფები და გააკონტროლებენ საზოგადოებრივ წესრიგს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment