სახალხო დამცველი ცოტა ხნის წინ გლდანის ციხეში შევიდა. ნინო ლომჯარიამ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უნდა მოინახულოს.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია გახდა. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც ის უწყვეტად შიმშილობს.
რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს მალევე მოყვა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილმა ძვირადღირებული სამედიცინო ინვენტარი დააზიანა.
ნიკა გვარამიას განცხადებით კი, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ახლა მისი დაზიანებების ახსნას ცდილობენ, თითქოს მესამე პრეზიდენტმა აგრესია თავად გამოხატა.