ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება და დუღილის ტემპერატურა მოვლენების განვითარების პარალელურად იმატებს , თუმცა, ალბათ, გრილი არც გვახსოვს ბოლოს როდის იყო. ყოველდღიური სიახლეები, სკანდალები და მოვლენები თითქოს ან შეიძლება ითქვას თავისუფლადაც ფარავს იმ თემებს, რაც უფრო ხელშესახებია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.
ღარიბ, მაგრამ ერთობ დაძაბულ ქვეყანაში ცხოვრებას თან ახლავს ისეთი გასართობის მრავალფეროვნება, რასაც უწინ პურსა და სანახაობას ეძახდნენ. ნათელია, მაყურებელს პურს კაი ხანია აღარავინ ურიგებს, მაგრამ სახანაობის დამაინტრიგებელი შინაარსი და დაძაბული მრავალფეროვნება ისე ნუსხავს, რომ თვალის მოწყვეტა და რეალობის დანახვა რთული ხდება ხანდახან.
სოციალური პრობლემები და ეკონომიკური კრიზისი ჩვეული და მრავალჯერ გადაღეჭილი საკითხია. ყველამ იცის რომ ქვეყანა ღარიბია, რომ საშველი არსაიდანაა, რომ “გლეხი კაცისთვის არავინაა” და ა.შ. რაც უფრო ეჩვევი ცუდ პირობებს, მით სუსტდება სურვილი თავი დააღწიო და გაიბრძოლო უკეთესობისთვის. საზოგადოებაში დასადგურებული ნიჰილიზმის წყალობით პროტესტი თითქმის აღარ არსებობს და ვიწრო წრეში ან სოც ქსელში გამოთქმული უკმაყოფილება მალევე მივიწყებას ეცემა, ახალი დღე თენდება ძველი სცენარით.
პური ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი საკვები პროდუქტია. ოდესღაც შეიძლება იყო დრო, როდესაც ქართველები თითქმის ყველა კერძს პურს არ ატანდნენ, მაგრამ ახლა ასეა და მდიდარი თუ ღარიბი, ყველა პურს ჭამს. ჭამს რო? ბოლო პერიოდში მისმა ფასმა თითქმის ერთ ლარსა და ოც თეთრს მიაღწია, არადა დიდი ხანი არაა გასული იმ დროიდან, როდესაც 80 თეთრად მშვენიერი მოხდენილი 500 გრამიანი პურის ყიდვა შეეძლო რიგით პურისმჭამელ მოქალაქეს….უფრო ადრე ეს სიამოვნება 50 თეთრიც კი ღირდა. თავისთავად ძვირდება სხვა პროდუქტებიც და ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მინიმალური სასიცოცხლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი რთულდება. ქეყანაში პანდემიის პერიოდამდეც არ იყო გერმანიის დარი ეკონომიკა, მაგრამ ვირუსის პირობებში მეტად გაჭირდა რიგითი ობივატელის საარსებო გარემო, ადამიანს ტელევიზორის ყურების გარდა ხანდახან ჭამაც ხომ უნდა?. ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმის სექტორი იყო, ზოგიერთი რაიონი მთლიანად ამ რესურსზე იყო დამოკიდებული და ამჟამად ეს სფერო ლოკოკინაზე გამობმული მიხოხავს. ლარის კურსს რომ თავი დავანებოთ, სხვა ფაქტორების დამსახურებითაც რეალობაა ის, რომ ყველაფერი ძვირდება, ქვეყანა იმპორტზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული..ამის გამო ყველაფერი კიდევ უფრო ძვირდება და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ახლობელი საზღვარგარეთიდან ფულს არ უგზავნის ან საჯარო სამსახურში არ მუშაობს დამაკმაყოფილებელ ანაზღაურებაზე უბრალოდ სოციალური პრობლემების ფსკერს ეტაპობრივად ხვრეტს. ზოგიერთმა მავანმა შეიძლება თქვას, თუკი ხალხს ასე უჭირს და არსებობაც კი უძნელდება, ხმას რატომ არ იღებენ?, სოციალური პრობლემების გამო რატომ არ ტარდება თვითორგანიზებული მრავალათასიანი აქციები?, რატომ არ ითხოვს მოსახლეობა მთავრობისგან მეტ მხარდაჭერას ან შეღავათს? გაჭირვებულმა ადამიანებმა რომ პროტესტი გამოთქვან მრავალ ქვეყანაში ბუნებრივი მოვლენად ჩაითვლებოდა, თუმცა საქართველოში გამეფებული ნიჰილიზმის დამსახურებით ძირითადად პოლიტიკური აქციებია მოდაში და არა სოციალური, შესაბამისად პოლიტიკა ხდება მთავარი თემა და სანახაობა, პური კი ნელნელა გადაშენებადი სიტყვა ტერმინიდან “პური და სანახაობა”.
ქართული ანდაზაა, “ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა ცხარიაო”, ალბათ, ცხოვრებისეული და ხანგრძლივი რეკლამის შემდეგ გავიგებთ თუ არსებობს რაიმე მიჯნა, რის იქითაც შესაძლებელი იქნება ქართული აპოლიტიკური პროტესტის დაბადება და განხორციელება.