“ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი, რომ რუსეთის დროშამ აქ არ იფრიალოს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს გადარჩენისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
“თითოეული ქუჩაში გამოსული არაძალადობრივად მოქმედი საქართველოს მოქალაქე ნიშნავს იმას, რომ ეს შერყეული რეჟიმი ჩამოინგრევა. ამაზე მეტად რა უნდა მოხდეს იცით?! აი საქართველოს დროშა უნდა ჩამოიხსნას და რუსეთის ფედერაციის დროშა აფრიალდეს, ან აქ უნდა დაინახოთ რუსული ჩექმა ჯარისკაცის ან ტანკი… ამ ადამიანებმა დღეს გვითხრეს, რომ დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირის ვწყვეტთო… ჩემი თხოვნაა, მივმართავ მთელ საქართველოს – გადამწყვეტ ფაზაშია შესული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლა. ჩვენ მალე სახელმწიფო ან გვექნება ან არ გვექნება. მაგრამ გვექნება თუ არ დავიღლებით, და თითოეული ჩვენგანი მომდევნო აქციებზე ერთ დამატებით ადამიანს წამოვიყვანთ. აღარ კმარა მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, აღარ კმარა ჩუმი, მდუმარე მხარდაჭერა და ნერვიულობა. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი, რომ რუსეთის დროშამ აქ არ იფრიალოს” – განაცხადა ნიკა მელიამ.