იაგო ხვიჩია პარლამენტს კანაფის მოხმარების ლეგალიზაციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს

by მარიამ მებონია
0 comment

იაგო ხვიჩია პარლამენტს სთხოვს მხარი დაუჭიროს “გირჩის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც,  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შენიშვნას უნდა დაემატოს პუნქტი, რომლითაც აღნიშნული მუხლი კანაფზე არ გავრცელდება.

კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს 273-ე მუხლის გაუქმებასაც, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება უკანონოა და ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას ითვალისწინებს.

იაგო ხვიჩიას თქმით, “გირჩმა” მარიხუანას ლეგალიზაციას საკონსტიტუციო სასამართლოში 4 წლის წინ მიაღწია, თუმცა ვითარება ამ კუთხით არ გამოსწორებულა და 84 ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელს დღესაც იხდის.

4 წლის შემდეგაც ჩვენ ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ადამიანები სასჯელს იხდიან იმის გამო, რაც ადამიანის უფლებად გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ. 

სამართლის სისტემაში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. დეკრიმინალიზაციის გადაწყეტილებასაც მივაღწიეთ, ლეგალიზაციის გადაწყვეტილებასაც. ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები ამ ყველაფრის ავტორები, შემოტანილი გვაქვს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალი არ უნდა იყოს კანაფის მოხმარება და ადამიანები ამის გამო ციხეში არ უნდა ისხდნენ. 

და დღესაც გვესმის ის არგუმენტები, რომლებიც გვესმოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ არგუმენტებს ჩვენ ერთხელ უკვე ვუპასუხეთ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიჯერა. გვინდა, რომ პარლამენტმაც დაგვიჯეროს. 

მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის 2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ “მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”, თუმცა ეს გადაწყვეტილება  მარიხუანას სრულ ლეგალიზაციას არ გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ჩანაწერები -გასაღება, შეძენა, კულტივირებაზე მძიმე სანქციებს ითვალისწინებს.

 

You may also like

Leave a Comment