“უკრაინელებსაც არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და მემგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც კი არიან, რომ გათავისუფლდნენ მისგან, რომელიც უკრაინაშიც ძალიან ოდიოზური ფიგურაა” – ამის შესახებ ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, სააკაშვილს მისი ხელისუფლებისდროინდელი კანონებით 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ახლა ლიბერალური კანონების პირობებში, როდესაც ე.წ. შეკრებითობის პრინციპი გაუქმდა, მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
“ჩვენ პრინციპოული პოზიცია უნდა დავიკავოთ, როცა საქმე სამართლის უზენაესობას ეხება. უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სამართლის უზენაესობა არის ჩვენთვის განმსაზღვრელი პრინციპი.
სააკაშვილი უმძიმესი დამნაშავეა, მას რომ სასჯელი მისი კანონების მიხედვით შეფარდებოდა, დაახლოებით 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოსდიოდა. ჩვენს შემთხვევაში შემოვიდა ლიბერალური სისხლის სამართლის კანონმდებლობა და ამიტომ უწევს მას 6 წელი, რომელიც შესაძლოა, გაიზარდოს თუ სხვა შემთხვევებზეც დაუმძიმდება ბრალი. მისი დანაშაულების ხარისხის მიხედვით, რა თქმა უნდა, 6 წელი არაფერია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.