“ხვალინდელ სასამართლო პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა იემდოვნებს, ექიმები მისი მდგომარების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.
„თავს გრძნობს სუსტად. ღვიძლში ფერმენტები აქვს მომატებული და იმედია, დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს ექიმები. მიუხედავად ამისა, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე წარსდგეს. დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო, რომ ეს ჯარისკაცები საქართველოს ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფებიდან არიან, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელის ბიჭების ხელმძღვანელობით, გულანთებული პატრიოტები, რომელთა რესურსის დახარჯვაც შეიძლება საქართველოსთვის უკეთეს ადგილზე და უფრო მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის. ისინი აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული, თუმცა პრეზიდენტი მათ მიმართაც ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმითვე, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი უნდა მივიდეს. შოთა თუთბერიძე მოუწოდებს ხელისუფლებასა და პენიტენციურ სამსახურს, ედუარდ სააკაშვილს ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სააკაშვილის სხვადასხვა ფორმით პროტესტი მოჰყვება.