საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნა. გადაწყვეტილების შესახებ წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რობერტ სტურუა.რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე. ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად – რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი.
ოთხ თეატრში კი სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. კერძოდ, კონკურსი გამოცხადდა გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად.