ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასამართლო პროცესების დაგვიანებით დაწყებაა –  „სასამართლოს გუშაგი“ გორის რაიონული სასამართლოს პროცესების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

by oninfo.ge
0 comment

„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“, რომლის უმთავრეს ამოცანას სასამართლოს განვითარების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტის შექმნა წარმოადგენდა. პროექტი ფოკუსირებული იყო მხოლოდ გორის რაიონულ სასამართლოზე, სადაც მოხალისეებმა სასამართლო პროცესების მონიტორინგი ჩაატარეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ეს არის პირველი მცდელობა, როდესაც მოხალისე მოქალაქეები ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს მონიტორინგის მიზნით, რომლის შედეგადაც მომზადდა ანგარიში.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მოხალისეები გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ესწრებოდნენ  2021 წლის 18 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, საერთო ჯამში დააკვირდნენ 69 სასამართლო სხდომას (აქედან სისხლის სამართლის საქმე – 38, სამოქალაქო – 26, ხოლო ადმინისტრაციული – 5 საქმე).

უპირველეს ყოვლისა, დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ მოხალისეებს ჰქონდათ გორის რაიონულ სასამართლოში ნებისმიერ ღია სასამართლო სხდომებზე, მათ შორის, დისტანციურ სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. მოხალისეების ზოგადი შეფასებით, ის სასამართლო პროცესები, რომლებსაც ესწრებოდნენ, წარიმართა მშვიდ გარემოში, მხარეებს თანაბრად ჰქონდათ შესაძლებლობები წარმოეჩინათ მათი პოზიცია და არ შეინიშნებოდა მიკერძოება რომელიმე მხარის მიმართ.​  სისხლის სამართლის არცერთი საქმის განხილვისას დამკვირვებლებს არ დარჩენიათ შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე მოუმზადებელი იყო. ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას არ დაფიქსირებულა მოსამართლეების მხრიდან უხეში ან აგრესიული ფორმით მიმართვის შემთხვევა, უმეტესად ანალოგიური მდგომარეობა იყო სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვის დროს, თუმცა იყო გამონაკლისებიც. გარდა ამისა, ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებიც ინდივიდუალური მოსამართლის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • სასამართლო პროცესების დაგვიანებით დაწყება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით სისხლის სამართლის პროცესები გამოირჩევა, რომელთა მხოლოდ 29% დაიწყო დროულად, ხოლო სამოქალაქო პროცესების შემთხვევაში, დროულად სასამართლო სხდომების 50% დაიწყო;
  • რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა, რომსასამართლო პროცესზე მოსამართლეები    გასაგებად არ საუბრობდნენ, რაც მხარეებს და დამკვირვებლებს ინფორმაციის აღქმას ურთულებდა;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მოსამართლეები ზოგჯერ მოკლედ განმარტავდნენ გადაწყვეტილებებს; იყო მოსამართლის მხრიდან სწრაფად საუბრის შემთხვევები, შესაბამისად შინაარსი რთულად იყო აღსაქმელი;
  • ადმინისტრაციულ საქმეზე დაფიქსირდა, რომ მოსამართლე სხდომის გახსნისას არ გაეცნო მხარეებს და არც მოსამართლის სახელის და გვარის აღმნიშვნელი წარწერა იყო სხდომათა დარბაზში;
  • ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლემ ხმამაღალ ტონალობაში და შენობით მიმართა მხარეებს და მოწმეებს,  იყენებდა ფამილიარულ მიმართვებს (,,ხო, „კაი“; ,,კაცო“; ,,ხალხო“)  და შეუსაბამო ჟესტიკულაციებს;
  • სხდომათა დარბაზში ვიდეოჩანაწერის ჩვენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემა.

გამომდინარე აქედან, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ რეკომენდაციებია:

  • სასამართლო პროცესზე მოსამართლეები საუბრობდნენ გასაგებად, რაც მხარეებს და დამკვირვებლებს ინფორმაციის აღქმას გაუადვილებს;
  • მოსამართლეებმა საკმარისი სიცხადით განმარტონ, როგორც პროცესის დროს მიღებული, ისე საქმეზე გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებები;
  • მოსამართლე სხდომის გახსნისას გაეცნოს მხარეებს და სხდომათა დარბაზში იყოს მოსამართლის სახელის და გვარის აღმნიშვნელი წარწერა;
  • მოსამართლემ კორექტულად მიმართოს მხარეებს და არ გამოიყენოს მხარეების მიმართ ფამილიარული მიმართვის ფორმები;
  • მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი სასამართლო პროცესების დროულად დაწყება. ხოლო დაგვიანების შემთხვევაში, მოსამართლემ გასაგებად განმარტოს დაგვიანების მიზეზები და ზოგადად იზრუნოს, რომ შემცირდეს დაგვიანების შემთხვევები;
  • მოსამართლეთა მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევას საჭიროებს პროცესუალური საკითხების ზედმიწევნით განმარტება იმ მხარეებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი/ადვოკატი;
  • სასამართლო დარბაზებში აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზები, რათა სასამართლო პროცესები წარიმართოს შეუფერხებლად.

 ორგანიზაციის შესახებ: „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ 2021 წლის ივლისში დაფუძნდა, ორგანიზაციის მისიაა საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში საზოგადოების  ჩართულობის გაზრდა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

​მონიტორინგის შედეგების (ანგარიშის) მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

You may also like

Leave a Comment