იენს სტოლტენბერგი – საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიონ ალიანსები და რუსეთს არ აქვს ამ არჩევანის კარნახის უფლება

by oninfo.ge
0 comment

„ნებისმიერ მომავალ აგრესიას რუსეთის მხრიდან მაღალი საფასური მოჰყვება და ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აგრძელებს მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს აღნიშნული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობას. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი. რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება და ესკალაციის თავიდან აცილება.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთის სამხედროების მობილიზაცია უკრაინაში, მის გარშემო და მისი დესტაბილიზაციური აქტივობა შავი ზღვის რეგიონში. შევთანხმდით, რომ აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება და ესკალაციის თავიდან აცილება. ნებისმიერ მომავალ აგრესიას რუსეთის მხრიდან მაღალი საფასური მოჰყვება და ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიონ ალიანსები და რუსეთს არ აქვს ამ არჩევანის კარნახის უფლება. ჩვენ უარვყოფთ ევროპაში გავლენის სფეროების ნებისმიერ იდეას. ეს იდეები ისტორიას ჩაბარდა და ასე უნდა დარჩეს. ნატო გააგრძელებს პარტნიორების მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის საზღვაო მხარდაჭერით, ერთობლივი სწავლებებით და ინფორმაციის გაზიარებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

You may also like

Leave a Comment