2022 წლის პირველი თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცადა.
მისი თქმით, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა დაინერგება.
„ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან; ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (სამი ლარი) – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად; ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;
ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ); ულიმიტო, სამთვიანი ბარათი (100 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის); ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი -(150 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.