შალვა პაპუაშვილის სახით ღირსეული კანდიდატურა წარმოვადგინეთ – გია ვოლსკი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნასა და კახა კუჭავას წასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიღებულა და პაპუაშვილის სახით ღირსეული კანდიდატი დაინიშნება თავმჯდომარის პოზიციაზე. მან ასევე უარყო გავრცელებული ხმები “ქართული ოცნების” გუნდში მიმდინარე დაპირისპირებაზე.

„არ ვიცი, რა შთაბეჭდილებას ტოვებს საზოგადოებაში შალვა პაპუაშვილი, მაგრამ ეს არის მაღალი კლასის იურისტი, საკმაოდ დადებითი პიროვნება, თავდადებული თავის ქვეყნისთვის და არანაირ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერესს, რასაკვირველია, განსხვავებული პოზიცია კახა კუჭავასგან არ გააჩნია და გუნდში ერთნაირია პოზიცია. სიხისტე მას ნამდვილად არ ახასიათებს. ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს იმ ადამიანების პროევროპულობაზე, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ, რადგან პროევროპული ნამდვილად არ არის ადამიანის წამება ან მწამებლის მხარდაჭერა და ეს არის რეალურად ის სურათი, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. გუშინ საერთოდ კომიკური რამ მოვისმინე, რომ „ქართული ოცნების“ შიდა წყაროებიდან ერთ-ერთი ტელევიზიისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიტსაბჭო მიმდინარეობს ძალიან ხისტი დაპირისპირების პირობებში, რაც არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, საინფორმაციო სივრცეში ასეთი მოქმედება არის მორალური სიბინძურე. დაპირისპირება არ არსებობს და კამათი რომც არსებობდეს, ამაში ცუდი არაფერია, მთავარია, რომ გადაწყვეტილება ერთი იყოს”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი გუშინ დატოვა. პარტიამ მისი შემცვლელის სახით კანდიდატად დეპუტატი შალვა პაპუაშვილი წამოაყენა.

You may also like

Leave a Comment