თოლორაია: დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, არამედ, ყველა თანამშრომლის გაშვება

by მარიამ მებონია
0 comment

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტით არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება. ლონდა თოლორაია დღეს პარლამენტში მივიდა, სადაც კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.

“ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურის გაუქმება და ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებპრიორიტეტია, ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, მე მექნება ჩემი კრიტიკული პოზიცია ამაზე.

კომიტეტების დროების შესახებაც ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი და ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად. ეს არ არის რეფორმა და ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც განხორციელდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც რეფორმა ეხება და ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ამ ფორმით დაიშალა სამსახური”, – ამბობს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” ინიციატივით სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურის მოქმედ თანამშრომლებს , ახალი უწყების შექმნის შემდეგ , ისინი გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ამის შესახებ მედიიდან გაიგო.

ლონდა თოლორაია მიიჩნევს, რომ  ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის “მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო”.

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი “თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო”  შეშფოთებას გამოთქვამენ.

You may also like

Leave a Comment