„ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა“, – ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაშია აღნიშნული. ამავე დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებებიც აღენიშნებოდა, თუმცა ეს ერთობლიობაში ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს ატარებდა და დამდგარ შედეგთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებოდა.
„გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში).
ორმხრივ საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხომოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი-1 საათი, მარჯვნივ 30 წუთი- 4 საათი.
გვამიდან აღებული ბიოლოგიური ობიექტების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით: ორივე საზარდულის მიდამოდან აღებულ კანის და რბილ ქსოვილების პრეპარატებში ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მორფინი, კოდეინი და 6- მონოაცეტილორფინი; სისხლში ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი 118.0 ნგ/მლ, კოდეინი 18.1 ნგ/მლ და 6 მონოაცეტილმორფინი 15,1 ნგ/მლ ოდენობით; შარდში ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, 7766.3 ნგ/მლ, კოდეინი 48.5 ნგ/მლ; 6- მონოაცეტილმორფინი 1356.8 ნგ/მლ; ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) 11-ნორ- D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ-9- კარბოქსიმჟავა.
სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით – თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო, თვალის კაკლის კომოციო, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან ალექსანდრე ლაშქარავას სტაციონარში მოთავსების თარიღს (2021 წლის 5 ივლისი). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან“, – ნათქვამია დასკვნაში.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
იხ. დოკუმენტი

