დღეიდან თბილისში მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა

by მარიამ მებონია
0 comment

მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა დღეიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროგრამით ისარგებლებენ თბილისში რეგისტრირებული პენსიონერები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.

„ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი წარადგინა, რომლის დარიგებაც გამგეობის თანამშრომლებს დაავალა.

„ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს“, – აღნიშნა მან.

მისივე ცნობით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა ბენეფიციარებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ.

You may also like

Leave a Comment