ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-შომარტ ტოკაევმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული შესაბამისი დადგენილებით გახდა ცნობილი.
პრემიერმინისტრის თანამდებობა ალიხან სმაილოვმა დაიკავა, რომელიც წინა მთავრობაში პირველი ვიცეპრემიერი იყო.
თანამდებობებზე დარჩნენ შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 4 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები საწვავის ფასის გაზრდას აპროტესტებდნენ. აქციები არეულობაში მალევე გადაიზარდა. დაიღუპა 200-მდე ადამიანი, დაკავებული 6000-ზე მეტი. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. ამასთან, ყაზახეთში რუსეთმა სამხედრო დანაყოფი ე.წ. “სამშვიდობოები” შეიყვანა, რასაც მხარს ადგილობრივი მთავრობა უჭერდა.